მარიამ ქვრივიშვილი - წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება მაღალი რანგის ავიაკომპანიებთან, რომლებიც იწყებენ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში

მიმდინარე წელს გვაქვს არაერთი წარმატება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება მაღალი რანგის ავიაკომპანიებთან, რომლებიც იწყებენ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებს ჩვენი ქვეყნის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიებს შორისაა, „ავსტრიის ავიახაზები", ნიდერლანდური „ტრანსავია", ასევე, ქუვეითური ავიაკომპანია Jazeera Airways-ი, რომელიც ზაფხულის საავიაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს ფრენებს.

ქუვეითის ავიაკომპანია ფრენებს ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა Jazeera Airways-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2024 წლის 20 თებერვალს მიანიჭა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების სტიმულირება. ჩვენს მთავარ სტრატეგიას ასევე წარმოადგენს ბაზრების დივერსიფიკაცია, ამიტომაც დიდ რესურსს ვდებთ, რათა გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი საჰაერო ფრენა ჩვენთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, მათ შორის, ევროპისა და ყურის სახელმწიფოებთან. სწორედ ამიტომ გვაქვს აქტიური მარკეტინგული კამპანიები კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ჩვენს ქვეყანაში, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენების არსებობა. ყოველივე ეს გვაძლევს იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 2024 წელი იქნება მორიგი წარმატების წელი ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის ინდუსტრიაში. ჩვენ გვაქვს ბევრი ამბიციური პროექტი, რომელთაც განვახორციელებთ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის, Jazeera Airway-ი რეგულარულ რეისებს ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია