რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი - პრემიერთან შეხვედრა იყო პროდუქტიული, ყველა მტკივნეული საკითხი, რაც გვაწუხებდა, დაუფარავად მოვახსენეთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მთავარი შედეგი არის, რომ პრემიერს არგუმენტები სრულად წარვუდგინეთ და შემდგომი კონსულტაციების დაანონსება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ოთარიშვილი აღნიშნა, ხვალ, 24 თებერვალს, 16:00 საათზე, პრემიერთან განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.

„შეთანხმებას მივაღწიეთ ხვალინდელ შეხვედრაზე. ხვალ მეორე შეხვედრა გაიმართება. დღეს შეხვედრა იყო პროდუქტიული იმიტომ, რომ ყველა მტკივნეული საკითხი, რაც გვაწუხებდა და რისი თქმაც გვინდოდა, ყველამ დაუფარავად მოვახსენეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი პირიდან გაიგო ის საწუხარი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს და მის კოლექტივს აწუხებს, რის გამოც ერთი თვის განმავლობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა კლინიკაში. ყველაზე მთავარი, რაც გადაწყდა არის ის, რომ შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

პრემიერმა არგუმენტები ძალიან ყურადღებით მოისმინა, კითხვებიც დაგვისვა.

ჩვენ ვუთხარით, რომ ვიდრე დემონტაჟი გადაწყდება და პროექტი და საქმიანი წინადადება წამოვა, მანამდე შეჩერდეს ბრძანება რესპუბლიკური კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ.

მთავარი შედეგი არის ის, რომ პრემიერს არგუმენტები სრულად წარვუდგინეთ და შემდგომი კონსულტაციების დაანონსება“,- განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის მალხაზ გაგუას განცხადებით, პრემიერი კლინიკის წარმომადგენლებს ყურადღებით უსმენდა და რისი გაგებაც უნდოდა ყველაფერი გაიგო.

„გვქონდა შესაძლებლობა სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა პრემიერისთვის. ძალიან ყურადღებით გვისმენდა და კითხვებსაც გვისვამდა. ვთვლი, რომ რისი გაგებაც უნდოდა ყველაფერი გაიგო. რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრის შემდეგ თავის გადაწყვეტილებას ვერ გამოაცხადებდა. ხვალაც შეგვხვდება და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის და ყველასთვის სასიკეთო იქნება“, - განაცხადა მალხაზ გაგუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება