ნარკოლოგი - ინტრავენური ნარკოტიკის მოხმარებით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ - თუ მოხმარების სხვა მეთოდებსაც გავითვალისწინებთ, ქვეყანაში ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი 50 000-ზე ბევრად მეტია

ინტრავენური ნარკოტიკის მოხმარებით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ. თუ მოხმარების სხვა მეთოდებსაც გავითვალისწინებთ, ქვეყანაში ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი 50 000-ზე ბევრად მეტია, - ამის შესახებ ნარკოლოგმა დავით ვადაჭკორიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში სინთეტიკური ნარკოტიკის მოხმარების ხვედრითი წილი ტრადიციულ ნარკოტიკზე ბევრად მეტია, რადგან მათი მოპოვება შედარებით მარტივია.

ნარკოლოგის თქმით, სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებები მეტად იწვევს დამოკიდებულებას და კიდევ უფრო ზრდის ფატალური შემთხვევის რისკს.

„ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ უახლესი კვლევებით, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა, ინტრავენური ნარკოტიკების 50 000-მდე მომხმარებელი გვყავს. ამ მონაცემით მე-3 ადგილზე ვართ მსოფლიოში. გარდა ინტრავენური მძიმე მოხმარებისა, ბევრი სხვა მეთოდიც არსებობს და თუ მათაც გავითვალისწინებთ, ჯამურად, ქვეყანაში მომხმარებელთა რიცხვი, 50 000-ზე ბევრად მეტია.

რაც შეეხება კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკებს, ისინი ნელ-ნელა ანაცვლებენ ტრადიციულ ნარკოტიკს და მათი გამოყენების ხვედრითი წილი გაცილებით მაღალია. მათი მოპოვება ბევრად მარტივია. ეს საშიში იმიტომ არის, რომ სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც სინთეზურად არის შექმნილი, უფრო მეტ დამოკიდებულებას იწვევენ და ფატალური შედეგების რისკი გაცილებით მაღალია“, - განაცხადა დავით ვადაჭკორიამ.

ასევე, მისი თქმით, მომხმარებელთა ასაკი ყოველწლიურად ახალგაზრდავდება და ის, რომ სკოლებში პრევენციული მიდგომა სისტემურად ვერ დაინერგა, განათლების სისტემის დიდი პრობლემაა.

ნარკოლოგის განცხადებით, ყველაზე საჭირო ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლაა.

„მიდგომა, რასაკვირველია, უნდა შეიცვალოს. ზოგ ნარკოტიკს მსუბუქს და რეკრეაციულს უწოდებენ და ამ წარმოდგენით ბევრი ადამიანი იწყებს მოხმარებას, თუმცა მათი უმრავლესობა შემდეგ მძიმე ნარკოტიკზე გადადის. მთავარია, მოზარდს, ახალგაზრდას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს იმაზე, თუ რასთან აქვს შეხება. ის, რომ სკოლებში პრევენციული მიდგომა სისტემურად ვერ დაინერგა, ჩვენი განათლების სისტემის უდიდესი პრობლემაა. ასაკი ახალგაზრდავდება ყოველდღიურად, რაც ჩვენი უბედურებაა. 15-16 წლის მოზარდები იწყებენ მოხმარებას.

ნარკოტიკები მსუბუქად და მძიმედ მხოლოდ იურიდიული მიზეზების გამო დაყვეს ნიდერლანდებში. ორივე სახის ნარკოტიკმა, მოხმარების შემდეგ, შესაძლოა, ერთნაირად რთული და გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს. ჩვენ ბრძოლა გვჭირდება მოვაჭრეების წინააღმდეგ, რადგან დამოკიდებულებით დაავადებული მომხმარებლების დევნა არასწორია, მათ უნდა ვუმკურნალოთ“, - აღნიშნა დავით ვადაჭკორიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება