პრემიერი - ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს ომი იყო რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის

ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს ომი იყო რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი.

„გავიხსენეთ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული იუნკრები, ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები, რომლებმაც დაგვიტოვეს პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარულისა და სამშობლოს თავგანწირვის განსაკუთრებული მაგალითი. პატივს მივაგებ მათ ხსოვნას.

24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა, დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი, დევნილად და ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული.

ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს ომი იყო რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა მშვიდობამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც ქმნის საფუძველს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის. ჩვენს მეგობარ უკრაინას კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“,-განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბჭოთა ოკუპაციის დღე კიდევ ე ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი.

„25 თებერვალს აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის დღე. ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი და რამდენად დიდი ბედნიერება ის, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელიც დღეს მყარად იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. საუკუნის წინ რუსულ არმიას საქართველოში შემოუძღვნენ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უსამშობლო ადამიანები, ბოლშევიკები, რომელთათვისაც უცხო იყო სამშობლოს ცნება. ეს ყველაფერი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდი სიფრთხილე გვმართებს ასეთი ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ეროვნული თუ სხვაგვარი იდენტობის გარეშე ცხოვრება ცხოვრების უმთავრეს პრინციპად არის ქცეული. საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა“,-განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო