კახა კალაძის განცხადებით,  პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გააქტიურების ვადა პირველ აპრილს იწურება და თუ ამ პერიოდში არ გაიაქტიურებენ მესაკუთრეები ნებართვას, ის გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, 20-21 ნებართვაა გაუაქტიურებელი.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც საკუთრებაში დაუკანონა პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც იწურება მიმდინარე წლის პირველ აპრილს.

ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვა არის გაცემული - ორი-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროება არის ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, აეღოთ ეს ნებართვები. ამის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 20 – 21 ათასი ნებართვა არის გაუაქტიურებელი.

მინდა, გაითვალისწინონ ამ ნებართვების მესაკუთრეებმა, რომ პირველ აპრილს გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ შეინარჩუნოთ აღნიშნული ნებართვები, გაააქტიურეთ ისინი პირველ აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შესაბამის ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე",- განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება