პარლამენტში „ევროოპტიმისტები“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა, რომლითაც სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსება ეზღუდებათ

პარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფმა ,,ევროოპტიმისტები’’ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი დაარეგისტრირა, რომლითაც სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსება ეზღუდებათ.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მიხედვით, მმართველ პოლიტიკურ პარტიას აეკრძალება შემოწირულების მიღება საჯარო შესყიდვისას ერთჯერადად ან ჯამურად ერთი წლის განმავლობაში, 1 მილიონი ლარის ან მეტი ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის დირექტორის, ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის და მიმწოდებლის კაპიტალის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელის მხრიდან, აღნიშნულ შესყიდვებში გამარჯვებიდან 3 წლის განმავლობაში.

„პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ორგანოებში საჯარო შესყიდვები მიმდინარეობს იმგვარად, რომ დიდ თანხებთან დაკავშირებულ ტენდერებში იმარჯვებენ ისეთ კომპანიები, რომელთა მმართველობითი რგოლი შემდგომ ახდენს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიის დაფინანსებას, ხოლო პარტია კი - ეწევა შესაბამისი ბიზნესის ლობირებას. კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტია დაზღვეული იქნება კორუფციული გარიგებით მიღწეული შემოსავლების მიღებისგან, ხოლო სახელმწიფო ორგანოებში საჯარო შესყიდვისათვის განკუთვნილი თანხების განაწილება გახდება უფრო ეფექტიანი და რაციონალური. კანონპროექტის მიღებით შეიზღუდება ე.წ. „იურიდიული ხვრელების“ მეშვეობით გვერდის ავლის მექანიზმი, რომელიც მიმართულია არამართლზომიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ბიზნესის ლობირებისათვის, უმრავლესობაში შემავალი პარტიის მხრიდან. უნდა მოხდეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიის მიმართ შემოწირულების მიღების აკრძალვა კონკრეტული ღირებულების მქონე საჯარო შესყიდვაში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან, განსაზღვრული ვადის განმავლობაში, რითაც დაზღვეული იქნება ისედაც მეტი ძალაუფლების მქონე პარტია დამატებითი კორუფციული ფინანსური წყაროებით მიღებული შემოსავლებისაგან, ხოლო ტენდერის პროცედურა გაცილებით ობიექტურად და შესაბამისად - რაციონალურად ჩატარდება, ეს კი შეამცირებს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას”, - განმარტავენ „ევროოპტიმისტებში".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება