ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების: “Le Figaro”, „The Telegraph“, „GQ“, „Die Presse“, „Snow“, „Backcountry Magazine“, „Downdays“ წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში, საქართველოს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან წამყვანი ჟურნალისტები ეწვივნენ.

მათივე ცნობით, მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მესტია მოინახულეს. ჟურნალისტებმა მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური გააშუქეს.

„საქართველოში პირველად ვარ, გაოცებული ვარ ამ ხედებით, რომელიც ჩვენს უკან იშლება. ხალხი ძალიან მეგობრულია, საუკეთესო ხარისხის თოვლია, სწრაფი საბაგიროა, სვანეთში საოცარი გამოცდილება მივიღე. მე ვამზადებ სტატიას, რომლის სათაურიც იქნება „ადვილი თავგადასავალი“, რადგან აქ ყველაფერი ხელმისაწვდომია, პატარა მაღაზიებშიც კი, როდესაც რაიმე დაგჭირდება, ყველა მზად არის დაგეხმაროს. საქართველო არის მომავალი“,-აცხადებს Le Figaro-ს ჟურნალისტი მეთიუ როსი.

სვანეთის სამთო კურორტის განვითარებასა და პერსპექტივაზე ისაუბრა Die Presse-ის წარმომადგენელმა ჯოზეფ იბნერმა.

„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ფრირაიდერების ჯგუფს გავყოლოდით და ძალიან მაგარი შთაბეჭდილებები მივიღეთ. სვანეთში ძალიან მეგობრული ხალხია, სამთო კურორტი ვითარდება, ნამდვილად საოცარი სათხილამურო პირობებია და ვფიქრობ, ეს არის ტურისტული მიმართულება, რომელიც ძალიან პოპულარული გახდება“, -ამბობს Die Presse-ის წარმომადგენელი ჯოზეფ იბნერი.

საქართველოში მონახულებული ადგილების კულტურული მნიშვნელობით მოიხიბლა ტურის მონაწილე ფოტოგრაფი დომ დაჰერი.

“საქართველოში მეორედ ვარ. ერთი მხრივ, ექსტრემალური შეჯიბრი და მთები გადავიღე, რისთვის ვმოგზაურობ მთელ მსოფლიოში და ფოტოებს ვიღებ, მეორე მხრივ, ძალიან საინტერესო იყო კულტურული ნაწილი. მე ვმუშაობ შვეიცარიულ კომპანიაში FWT – Freeride World Tour, რომელიც ორგანიზებას უწევს მსოფლიო ფრირაიდის ტურებს. ერთ-ერთი ეტაპი სწორედ სვანეთში გაიმართა, ფრირაიდის შემდეგი ეტაპები ავსტრიასა და შვეიცარიაში მოეწყობა“,-ამბობს დომ დაჰერი ტურის მონაწილე ფოტოგრაფი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ევროპული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, სათავგადასავლო ტურიზმის, ზამთრის კურორტებისა და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს