საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე  (CFSP/CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენეტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღეს ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში - ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე და ევროკავშირის სალიდარობაზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმდინარე პროცესზე, სტრატეგიულ კომპასზე და ევროკავშირის გაძლიერებაზე, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

„ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პროგრესზე და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროულად დაწყების საჭიროებაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის უსაფრთხოების კონტექსტში გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში უსაფრთხოების გამოწვევებზე, დეოკუპაციაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ევროკავშირის წევრ და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში საქართველო 2023 წლიდან მონაწილეობს. კონფერენცია, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგია მასპინძლობდა ბრიუგეში, 4-5 მარტს გაიმართა, სადაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის: ბელგიის სამეფოს სენატის თავმჯდომარე სტეფანი დ'ჰომი, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაჯა ლაბიბი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ მაკალისტერი და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება