ამირან გამყრელიძე - გულდასაწყვეტია, როცა ნიველირება კეთდება წინამორბედების - ზურაბ აზარაშვილი ახალგაზრდა კაცია და ვურჩევდი, გადახედოს თავის გამონათქვამებს, მადლობა გადაუხადოს სამედიცინო საზოგადოებას

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ორწლიანი მუშაობა „ფეისბუქპოსტით“ შეაჯამა.ზურაბ აზარაშვილი ხაზს უსვამს სისტემაში „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების“ არსებობას და აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, მან „გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება“ შეძლო. რეალურად, გვაქვს თუ არა ჯანდაცვის სისტემაში კრიტიკული და სავალალო მდგომარეობა, “წლობით ფესვგადგმული უმსგავსობა”, რაზეც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს, ამ საკითხზე “ინტერპრესნიუსს” ამირან გამყრელიძე ესაუბრა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ამასთან, 2001-2004 წლებში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.

- მოგეხსენებათ, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სოციალურ ქსელში გაწეული საქმიანობა შეაფასა. თქვენ თავად იყავით 2001-2004 წლებში აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელი. როგორ ფიქრობთ, მან ნამდვილად შეძლო პრემიერის დახმარებით „გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება“, როგორც ამას თავად ამბობს?

- იცით, არ მიყვარს ჩემი კოლეგების შეფასება. სჯობს, ეს დარგის სხვა ექსპერტებმა და საზოგადოებამ გააკეთოს, მაგრამ ალბათ, მის ადგილზე ცოტა უფრო მოზომილი და მოკრძალებული ვიქნებოდი. ვფიქრობ, ბატონი ზურაბ აზარაშვილი გარკვეული ემოციების ქვეშ არის, ემოციურ ფონზე გააკეთა აღნიშნული განცხადება. ჯანდაცვა ისეთი სფეროა, სადაც გადაუჭრელი პრობლემები არამხოლოდ საქართველოში, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი არის. როგორ შეიძლება 30 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები 1 და 2 წელში გადაჭრას? ასეთი ჯადოსნური ჯოხი თუ ვინმეს აქვს, მხოლოდ ვინატრებდით ამას. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა არასწორი და უმადური დამოკიდებულებაა იმ ადამიანებისა და სამედიცინო საზოგადოების მიმართ, რომლებიც დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შრომობენ, მათ შორის ყველაზე უფრო რთულ პერიოდებში, იქნებოდა ეს კონფლიქტები თუ ომები, სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობები, უკიდურესი ეკონომიკური და სოციალური გაჭირვებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევების დროს. ასევე, არაკოლეგიალური მიდგომა და გამონათქვამია იმ ადამიანებისა და გუნდების მისამართით, რომლებიც ამ პერიოდებში ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდნენ. გახსოვთ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში როგორი სირთულეები იყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე ხედავთ, როგორი არის დღევანდელი. სერიოზული განვითარებაა როგორც ქვეყანაში ისე ჯანდაცვის სისტემაში. მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. სანამ მინისტრი გავხდებოდი, დაახლოებით 7 წელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიყავი, ასევე ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სადაც რეფორმების პროგრამები, ახალი საკანონმდებლო ბაზა იქმნებოდა და იგეგმებოდა. კარგად ვიცი ყველა ის დეტალი, რაზეც ზურაბ აზარაშვილმა გაამახვილა ყურადღება. სამწუხაროდ, მან ხაზი გადაუსვა ყველაფერს. თითქოს ბოლო ორ წელიწადში მან მოაგვარა ან ხანგრძლივვადიან პერიოდში დაგეგმა. დიახ, პრობლემები და გამოწვევები არის და იქნება, მედიცინა სწრაფი ტემპით ვითარდება და სახელმწიფომ და ჩვენ, სამედიცინო საზოგადოებამ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ არ ჩამოვრჩეთ განვითარებას. ამას კი მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება მმართველობის ყველა დონეზე, სამედიცინო და მთლიანად საქართველოს საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგი და არა ბნელ ოთახებში კატების ძებნა.

- მიღწევებზე საუბრისას მან „დიარჯი“ სისტემაც მიმოიხილა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დადგენას გულისხმობს. როგორ შეაფასებთ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს?

- დიახ, წერილში საუბარი იყო „დიარჯი“ სისტემაზეც. „დიარჯის“ საფუძველია ის სამედიცინო სტანდარტები, რომელიც 1994-1996 წლებში შეიქმნა, შემდეგ კი იცვლებოდა და სულ უფრო იხვეწებოდა. 2003 და 2004 წლებში ქვეყანა მზად იყო „დიარჯი“ სისტემის პირველი პილოტის გასაშვებად, თუმცა შეჩერდა. როდესაც ბატონი დავით სერგეენკო იყო მინისტრი, მაშინ ჩამოყალიბდა და თითქმის დასრულდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით „დიარჯის“ თანამედროვე პრინციპებზე აგებული საქართველოში საპილოტედ გასაშვები მოდელი, ის იხვეწებოდა ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის პერიოდშიც, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ გაეშვა. ბატონ ზურაბ აზარაშვილის გუნდმა სერიოზული საქმე გააკეთა „დიარჯის“ დანერგვით, მაგრამ ეს ყველაფერი არ მომხდარა 1 წელში, ამას უზარმაზარი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. იმ ქვეყნებში, სადაც „დიარჯი“ სისტემა დანერგეს, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პილოტირება, დიალოგი კლინიკებთან და სამედიცინო საზოგადოებასთან, რათა რაც შეიძლება ნაკლები ხარვეზი ყოფილიყო. საერთაშორისო გამოცდილება და რეკომენდაციები დანერგვის პერიოდებთან დაკავშირებით უნდა გათვალისწინებულიყო, რომ არ შექმნოდათ კლინიკებს ის პრობლემები, რაც შემდგომში წარმოიშვა. გულდასაწყვეტია, როდესაც ვამბობთ: „ჩვენ, ყველაფერი ჩვენ“ - არა! თან ამ 2 წელიწადში... ეს შექმნა საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ, გუნდებმა, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ. ვის ვინ მოსწონდა, ვის - არა, ეს სხვა საქმეა. ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ „დიარჯი“ კლინიკების დაფინანსების ერთ-ერთი მეთოდია და არა უნივერსალური („პანაცეა“), მასთან პარალელურად სისტემაში დაფინანსების სხვა მოდელებიც უნდა ფართოდ გამოიყენებოდეს. ჯანდაცვის სისტემის პროგრესი, პირველ რიგში, სამედიცინო საზოგადოებასთან კარგი ურთიერთობის შედეგია. როდესაც ბატონი ზურაბ აზარაშვილი მინისტრი გახდა და ერთად მოგვიწია დაახლოებით რვა თვე მუშაობა, მასთან საუბრებისას ხაზს ვუსვამდი, რომ ჯანდაცვა და მედიცინა ეს არის ყველაზე უფრო ფაქიზი სფერო. ყველას გვჭირდება ან დაგვჭირდება რაღაც ეტაპზე ექიმი და სამედიცინო დახმარება, ამ ხალხთან მოკრძალებულად და ფაქიზად უნდა ვიყოთ, უნდა ხშირად შევხვდეთ და გვქონდეს დიალოგი და არა „ნაჯახით“ ვაკეთოთ ზოგიერთი საქმე, სამედიცინო სფერო ვლანძღოთ. არ იმსახურებს სამედიცინო სფერო ამას. რაც დამოუკიდებლები ვართ, ყოველთვის წინა ხაზზე იდგნენ ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი...ყველაზე უფრო დასაფასებელი ხალხია. ყველგან არსებობს ნაკლი და შეცდომა, თუმცა ამას რუდუნებით შრომა სჭირდება, რომ გამოსწორდეს. ეს 1 და 2 წელში არ ხდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ბატონი ზურაბი ამ პირველი ემოციებისგან გათავისუფლდება, უფრო დამშვიდდება, სხვანაირად შეაფასებს განვლილ 2 წელს.

- ზურაბ აზარაშვილი სისტემურ პრობლემებზეც საუბრობს. აღნიშნავს, რომ „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესები" არსებობს. მან ასევე ხაზი გაუსვა "ზოგიერთი კლინიკის და ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ფაქტებს". თქვენ თუ ხედავდით ამ მიმართულებით პრობლემებს?

- ასე ხელაღებით საუბარი არ შეიძლება. თუ ასეთი რამ იყო გამოვლენილი, სხვა ორგანოების ძიების საგანია და არა ჯანდაცვის სამინისტროსი. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სისტემა უზარმაზარია, შესაძლოა, იყო ნაკლოვანებები, შეცდომები და მათ შორის ისეთი ფაქტებიც, რომლებიც შესწავლისა თუ სხვა ორგანოების დაინტერესების საგანს წარმოადგენს.

ამ რამოდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღები პირი მეკითხებოდა, თუ რა განსხვავებას ვხედავდი 90-იან წლების და დღევანდელ ჯანდაცვის სისტემის მართვას შორის, რაზეც ვუპასუხე, რომ განსხვავება ის გახლავთ, რომ მაშინ ფული საერთოდ არ გვქონდა, მაგრამ იყო დიდი ენთუზიაზმი, რომ ახალ ქვეყანასა და ახალ ჯანდაცვის სისტემას ვაშენებდით. 2004 წელს, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო დავტოვე, ჩვენი ბიუჯეტი 103 მილიონი ლარი იყო და იქიდან 70% ვიღებდით. დღევანდელი ჯანდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდ ლარამდეა (2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე ბევრად მეტი), ეს ბევრი ეჩვენებათ, მაგრამ დამერწმუნეთ, ცოტაა საქართველოს მოსახლეობის უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, ეს ბევრი ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების მიხედვით ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე თითქმის უკანასკნელ ხუთეულში ვართ 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას ჯანდაცვა პოლიტიკური პრიორიტეტი გახდა, საყოველთაო ჯანდაცვა დაინერგა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა, ნახტომისებური ფინანსური ზრდა გვქონდა, რაც ამ ტემპით, სამწუხაროდ, არ გაგრძელდა. პანდემიის პერიოდში, როცა მშვიდდებოდა სიტუაცია საკოორდინაციო საბჭოზე, ერთ-ერთი კამათი სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელთან იმის გამო მომივიდა, რომ ჯანდაცვას სერიოზულად დააკლეს დაფინანსება. ჯანდაცვის ბიუჯეტი მუდმივად მზარდი უნდა იყოს. მეორე მხრივ, არ შეიძლებოდა ფულის საცერში გაფანტვა ამდენ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელთა ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს და თანხა მიიმართოს ძირითადად სტრატეგიული დაწესებულებების დაფინანსებისთვის მკაცრი სელექტივიზმის პრინციპით. ჯანდაცვის სისტემების რეფორმირება მუდმივი პროცესია, ეს 1 და 2 წელში არ ხდება.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, რომლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაც ზურაბ აზარაშვილს უკავშირდება. მედიკოსები მოითხოვდნენ მინისტრს ბრძანება გაეუქმებინა, რადგან მათივე შეფასებით, ბრძანება დაჩქარებული იყო. თავად მინისტრი აღნიშნავს, რომ 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. ემხრობოდით მინისტრის გადაწყვეტილებას კლინიკის დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოოდ, ახალმა პრემიერმა გააჩერა?

- როდესაც გაიხსნა რესპუბლიკური საავადმყოფო, მაშინ დავიწყე იქ მუშაობა. ამ დაწესებულებაში ჩამოვყალიბდი ექიმად, პედაგოგად, მეცნიერად. ძალიან შემტკივა გული. ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყნის ცენტრალური საავადმყოფოა, რომლის ზურგზეც ბევრმა ჭირ-ვარამმა გადაიარა. მახსოვს 9 აპრილს, რამდენიმე საათში დავცალეთ 2 სართული, რათა მოწამლული ხალხი სწრაფად მიგვეღო. აფხაზეთის ომის დროს თუ 2008-ში, გადმოყვანილი პაციენტების სიმძიმე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე მოდიოდა და ბევრი სხვა. კლინიკის სიმძლავრე 1100 საწოლი იყო. მას ჰქონდა სამხედრო დანიშნულებაც. რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში, მიწის ქვეშ არსებობს სამხედრო, მიწისქვეშა ჰოსპიტალი, რომელიც დაახლოებით 120-150 საწოლზე იყო გათვლილი. რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ნამდვილი საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი კანდიდატი. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ჭკვიანმა ხალხმა, ვინც რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა განიზრახა, იმიტომ ააშენა იქ და დაუკანონეს ტერიტორიები, რომ ის უნდა ჩამოყალიბებულიყო საუნივერსიტეტო კლინიკად. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი უნდა გადაწყდეს სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმართებაში (ეს არ ნიშნავს, რომ მისი საკუთრება იყოს). აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ასე ხელაღებით თქვა, რომ მოდი, მე ამას დავანგრევ და ახალს ავაშენებ. კლინიკის განვითარების პირველი პროექტი 80-იან წლების შუა პერიოდში იყო შედგენილი, როდესაც უნდა დამატებოდა ის მიმართულებები, რაც აკლდა საუნივერსიტეტო კლინიკას, ჩვენ არ გვქონდა მეან-გინეკოლოგია, არ იყო პედიატრია, ონკოლოგია, ფსიქიატრია. 90-იან წლებში, როდესაც პირველი მსოფლიო ბანკის კრედიტი აიღო ჯანდაცვის სამინისტრომ, იქ იყო 10-12 მილიონი გამოყოფილი, რათა თანამედროვე დედათა და ბავშვთა რეფერალური სამსახური პოლიპროფილურ კლინიკაში შეგვეტანა, ასეთად შეირჩა რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა მაშინ ისეთი თანხა იყო საჭირო, რომ კრედიტი და სახელმწიფო რესურსი არ ჰყოფნიდა, ამ კრედიტით ღუდუშაურის კლინიკის რეაბილიტაცია მოხდა მაშინ. საგულისხმოა, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას ისაუბრა პროექტზე, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი, კერძოდ, 2006-2007 წელს „ქართუ ფონდის“ მიერ, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შემუშავდა პროექტი, რომლის თანახმადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი კორპუსის პერპენდიკულარულად განთავსდებოდა 8-10 სართულიანი, 250-300 საწოლზე გათვლილი კორპუსი შემდგომი განვითარებისთვის-ინფექციური საავადმყოფო და სხვა განყოფილებები უნდა მოთავსებულიყო. ამის შემდეგ კიდევ იყო 2-3 პროექტი რესპუბლიკურის მოდერნიზაციის.

რა თქმა უნდა, განახლებისა და ახალი თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობის წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს გააზრებული, დაგეგმილი და განხორციელებული. რაც მთავარია, ასეთი მასშტაბური სამედიცინო პროექტის განხორციელებისას მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო თანამშრომლებთან და მთლიანად სამედიცინო საზოგადოებასთან, რამეთუ საქართველოში, ალბათ, ყოველი მე-2-3 ექიმი რესპუბლიკურთან იყო დაკავშირებული თავისი კარიერის მანძილზე. ჩემი წინადადება იყო, რომელიც გასულ ზაფხულს გამოვთქვი, როცა ეს „ციებ-ცხელება“ დაიწყო, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი კორპუსის უკან ან პერპენდიკულარულად აშენებულიყო 200-300 საწოლზე გათვლილი ახალი კორპუსი, მომხდარიყო პერსონალის იქ გადაყვანა და შემდგომ თუ დემონტაჟის აუცილებლობა იყო, მომხდარიყო ეს და მის ადგილზე აშენებულიყო ახალი 500-700 საწოლზე გათვლილი თანამედროვე კორპუსი. ასევე, იგივე ადგილზე მივიღებდით ნამდვილი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამედროვე კამპუსს, რომელიც ასე აკლია ჩვენს ჯანდაცვის სისტემას. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში. შესწავლილი მქონდა თავის დროზე, თუ რა ღირდა საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 საწოლის ევროპული სტანდარტით გაკეთება და დიდი განსხვავება იყო. ვფიქრობ, ეს წინადადება მოუმზადებელი იყო, ეს ყველაფერი ტრანსფარენტულად უნდა მომხდარიყო, კოლექტივთან სწორი კომუნიკაცია იყო საჭირო. განახლების წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს?!

მინდა გავიხსენო ისიც, რომ 2012 წლის ოქტომბერში, როცა ხელმეორედ მიმიწვიეს ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტენსიური კონტაქტი მქონდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან, მაშინაც წამოიწია რესპუბლიკურის საკითხმა. რესპუბლიკური კლინიკა წინა მთავრობის მიერ საპრივატიზაციოდ იყო გამზადებული. ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და ვუთხარი ჩემი მოსაზრებები, თუ რატომ არ იყო სასურველი, რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაცია. აღვნიშნე, რომ ის აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებულიყო ნამდვილ დასავლური სტანდარტების საუნივერსიტეტო კლინიკად. ბატონმა ბიძინამ მთხოვა, პრესკონფერენცია ჩამეტარებინა და ეკონომიკის სამინისტროსთვის მომეწოდებინა კლინიკის პრივატიზაცია შეეჩერებინათ. ამ პრესკონფერენციის ჩანაწერი, ალბათ, არსებობს, სადაც მოკლე დასაბუთებით გამოვედი საკითხთან დაკავშირებით, მოვუწოდე ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით და მართლაც შეჩერდა მისი განკერძოება, შემდგომში აღარ განხილულა ეს საკითხი. რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა მიეცეს ახალი დანიშნულება, რისთვისაც ის თავის დროზე აშენდა და ჩამოყალიბდეს ნამდვილ საუნივერსიტეტო, მრავალპროფილურ კლინიკად. მსგავსი 3-4 კლინიკა სჭირდება ქვეყანას.

- ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას. თქვენ, როგორც ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, რა რეკომენდაციები და გზავნილები გექნებათ მასთან? რა უნდა გაითვალისწინოს სამედიცინო საზოგადოებასთან ურთიერთობისას?

- რა თქმა უნდა, ვურჩევ, რომ კარგად გაეცნოს მისი წინამორბედების მიერ გაკეთებულ საქმეებს. მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, არ ყოფილა ისეთი მინისტრი, რომელსაც სისტემისთვის კარგი არ გაუკეთებია. თითოეულს თავისი წვლილი აქვს შეტანილი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. მაგალითად, ყველა ის კანონი, რაც ჯანდაცვის სისტემას დღეს მართავს 90-იან წლებშია შექმნილი, შემდგომში მხოლოდ ცვლილებები შედის კანონებში განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე არსებული სიტუაციისა და მოთხოვნილებების მიხედვით. ხშირად ვესაუბრებოდეთ წინამორბედებს, სამედიცინო საზოგადოებას, აზრს ვეკითხებოდეთ, გამოცდილებას ვიზიარებდეთ. „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“ - ეს უნდა გაითვალისწინოს მან. მარტო მინისტრი ვერაფერს გააკეთებს, თუ მას ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა არ ექნება. ჯანდაცვის პრიორიტეტი ხაზგასმული უნდა იყოს. ყველა მინისტრმა უნდა იბრძოლოს, რომ ჯანდაცვას მეტი დაფინანსება ჰქონდეს. 1 სულ მოსახლეზე სახელმწიფო დანახარჯი 200-230 დოლარია, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში საშუალო დანახარჯი 2000 დოლარია ერთ სულ მოსახლეზე. როდესაც ცოტა ფული გაქვს, ოპტიმალურად უნდა იხმარო და საცერში არ უნდა გაუშვა. უნდა გვქონდეს, გეგმა, თუ სად რამხელა საავადმყოფო გვჭირდება, საავადმყოფოთა განვითარების გეგმა უნდა გვქონდეს გაწერილი, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების გეგმა უნდა ამუშავდეს. შენობები არაფერს გვარგებს, თუ ადამიანური რესურსი არ არის. უნდა აღადგინონ უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული მზადება, ფული უნდა ჩაიდოს ადამიანების მუდმივ გადამზადებაში.

ჩვენ ძალიან დიდი წამლის დანახარჯი გვაქვს საერთო ჯანდაცვით დანახარჯში. წამლის პროცენტული წილი ძალიან დიდია, 35-40% მოდის ჯანდაცვის საერთო დანახარჯებიდან წამალზე, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში 10%-დან 20%-ის ფარგლებშია. წამლის პოლიტიკაც განახლებას საჭიროებს. კარგი იყო რეფერენტული ფასების დაწესება, მაგრამ ერთი მიდგომა საკმარისი არ არის. წამლის ფასის რეგულირება 4-5 მიდგომით ხდება. ასევე, მნიშვნელოვანია კვლევების და სამედიცინო მეცნიერების განვითარება, ანალიტიკა. მსგავსი ტიპის ერთი ინსტიტუტი მაინც უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ვურჩევდი ახალ მინისტრს, რომ ფართოდ გამოიყენოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც საკმაოდ დიდია ქვეყანაში, უფრო მეტია, ვიდრე 90-იან წლებში, როდესაც რეფორმები იწყებოდა, ასევე ჩვენი ძლიერი დიასპორის პოტენციალი, რომელიც ჩამოყალიბდა დამოუკიდებლობის პერიოდში. დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიიღოს და არა დაჩქარებული. მადლობა ბატონ ზურაბ აზარაშვილს თავისი ზოგიერთი კარგი იდეისა და გაკეთებული საქმის გამო, მაგრამ გულდასაწყვეტია, როცა ნიველირება კეთდება წინამორბედების. ახალგაზრდა კაცია და ვურჩევდი, გადახედოს თავის ამ თეზებსა და გამონათქვამებს, მადლობა გადაუხადოს საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას. წარმატებას ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.

- რას იტყვით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდით? როგორ აფასებთ დღეს უწყების საქმიანობას?

- ძალიან მწყდება გული...გახსოვთ, 10 წელი ვიყავი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და ძალიან გამჭვირვალენი ვიყავით, ყოველდღიურად ვესაუბრებოდით მოსახლეობას, რაც პრევენციული მედიცინის მთავარი ინსტრუმენტია. ყოველწლიური მოხსენება გამოდიოდა საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვის სტატისტიკის შესახებ, ასევე მონაცემები ბავშვთა და დედათა ჯანმრთელობის, კარდიო-ვასკულარული ავადობის, კიბოს რეგისტრის მონაცემები, ახალი სამეცნიერო კვლევების შედეგები, მიღწევები ჰეპატიტების ელიმინაციაში (ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი), კოვიდისა და რესპირაციული დაავადებების ყოველკვირეული მონაცემები და სხვა მრავალი, მოსახლეობის ჯანმრთელობის პულსზე გვეჭირა ხელი. ვერ იქნება სწორი მონაცემების, მათი ანალიზისა და მონიტორინგის გარეშე განვითარება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი აღარ ქვეყნდება. ვწუხვარ ყველაფერ ამაზე, გული მტკივა. როდესაც ცენტრიდან მოვდიოდი, შეპირება იყო, რომ ახალი დირექტორი სწრაფად შეირჩეოდა. უკვე თითქმის ორი წელი გახდება ზაფხულში, ქალბატონი თამარ გაბუნია ასრულებს მოვალეობას. იგი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე, განათლებული პიროვნებაა, მაგრამ რთულია ერთდროულად ორი პოზიციიდან (მინისტრის პირველი მოადგილე და ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) დარგების მართვა. არიან საკმაოდ ქვეყანაში ახალგაზრდა კადრები, რომლებიც შეიძლება შეირჩენ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე, რათა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს განვითარების შემდგომი ეტაპი დაუდგეს.

21- ე საუკუნე არის და იქნება პრევენციულ მედიცინასა და გენომიკაზე (პერსონალიზებულ მედიცინაზე) დამყარებული საუკუნე და ამ ორივე მიმართულების ძალიან მძლავრი საფუძვლებია დაავადებათა კონტროლის ცენტრში, მათ მეტი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდებათ.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს