მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენას.
მისივე თქმით, ასევე უნდა სთხოვონ ევროკავშირის ელჩს, რომ ახსნას, "რა თემასთან გვაქვს საქმე და რა მიდგომებია ეს".
“გაუგებარი იყო, როდესაც ბუნდესტაგში, ადეიშვილს ხვდებიან, როგორც სასამართლოს და იურიდიული თემატიკის უბადლო მცოდნეს. ამ დროს არის დამნაშავე, კრიმინალი, რომელსაც ბრალი წარედგინა არაერთ თემაზე. მსჯავრდებულია რობაქიძის საქმეზე, მათ შორის “იმედის” წართმევაზე, ჟურნალისტზე თავდასხმაზე, ბიზნესის რეკეტზე და ასეთ ადამიანს ხვდებიან დიდი ზარზეიმით უკრაინის წარმომადგენლის რანგში - ეს მიუღებელია.
ჩვენ ევროპა გვინდა იმიტომ, რომ გვგონია იქ არის სამართლიანობა, მეტიც მოქალაქეთა უფლებების დაცვის გარანტიები და ეს როგორ ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს? - სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო ბატონი ადეიშვილი, რომელიც ძებნაშია.
მეორე, გარდა ბუნდესტაგისა, ის შეხვდა ბატონ იან კომპანსს, რომელიც არის სამეზობლო გაფართოების პოლიტიკის ერთ-ერთი კომისიის დირექტორი. რა ღირებულებებზე საუბრობთ? კრიმინალი, რომელმაც ათასობით ადამიანი დაატერორა ციხის იმ წამებების ერთ-ერთი ავტორი და შემოქმედია, იდეოლოგი იყო ამ რეჟიმის, თქვენ ასე ზარზეიმით და პატივით ხვდებით, რანაირად ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს სწორია?
ამიტომ, მე მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროკავშირის ელჩს, აგვიხსნას, რა თემასთან გვაქვს საქმე, რა მიდგომებია ეს? კრიმინალი ადეიშვილი ემალება გამოძიებას და ასეთ ადამიანს რომ ზარზეიმით იღებთ, რანაირად?
ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც დგას სამართლიანობაზე, ობიექტურობაზე, კეთილდღეობაზე, ადამიანის უფლებებზე და ნამდვილად არ გვინდა ის ევროპელი ჩინოვნიკები, რომლებიც ასე ზარზეიმით ხვდებიან იმ კრიმინალური რეჟიმის შემოქმედებს, რომელიც აქ სუფევდა 9 წლის განმავლობაში”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.