პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით”, - აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია პატიმრების წამების, ბუტა რობაქიძის მკვლელობის, კობა დავითაშვილის ცემის და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ პატიმრების წამების საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული დავით ჭაკუა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქართულ მხარეს 2020 წელს გადასცა.

ინფორმაციისთვის, გერმანიაში გამართული შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ზურაბ ადეიშვილი ჩანს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურურმა ანდრი კოსტინმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა ომის დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობის კოორდინაციისა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხები. ასევე, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა 6 მარტს გაავრცელა ფოტო, რომელზეც ანდრეი კოსტინსა და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის, გერტ იან კომპანს შორის შეხვედრაზე ზურაბ ადეიშვილიც იმყოფება.

ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.

საპასუხოდ, საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რომ ზურაბ ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა.

ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განმარტა, რომ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, გერტ იან კოპმანს რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან უკრაინის ჩათვლით, უკრაინის გენერალურ პროკურორთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა კი, მათივე განმარტებით, დეზინფორმაციაა.

დღეს, 11 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ "ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან