გენადი არველაძე - ევროპის ბაზარზე ექსპორტიორი 1006 კომპანია გვყავს - ის პოტენციალი, რაც რეალურად გაგვაჩნია ექსპორტის კუთხით, მაქსიმალურადაა ათვისებული

ევროპის ბაზარზე ექსპორტიორი 1006 კომპანია გვყავს. ის პოტენციალი, რაც რეალურად გაგვაჩნია ექსპორტის კუთხით, მაქსიმალურად არის ათვისებული, - ამის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს, ევროპის ბაზარზე ექსპორტმა 700 მლნ-ს გადააჭარბა.

მინისტრის მოადგილემ უპასუხა უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის კითხვას, არიან თუ არა ისეთი საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც საქართველოში წარმოება და აქედან ექსპორტი გადაწყვიტეს, რაზეც გენადი არველაძემ უპასუხა, რომ ამ კუთხით „რამდენიმე წარმატებული „ქეისი“ გვაქვს“.

„85%-მდე საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი გადის და ეს არ არის რეექსპორტის ხარჯზე გაზრდილი ვაჭრობა, რაც არის ხაზგასასმელი. ის სარგებელი, რომელსაც ჩვენი რეგიონის ქვეყნები ხედავენ, სადაც შეიძლება ერთობლივი წარმოება, ან წარმოების გადმოტანა, გვაქვს რამდენიმე წარმატებული „ქეისი“. მათ შორის, ცხოველების საკვების დამზადება საქართველოში, ასევე ცხოველების ავეჯის დამზადება საქართველოში. ეს მოდის მაგალითად, ჩინეთიდან, რომლებიც მანამდე აწარმოებდნენ ექსპორტს. ასევე გვაქვს სხვადასხვა წარმატებული პატარ-პატარა ახალი საწარმოები, რომლებიც მათ შორის, არიან „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, „იაფი აგროკრედიტით“ დაფინანსებული, რომლებიც იქმნება. მათ შორის, ჩაის წარმოება, იგივე ჩინური კომპანიები დაინტერესდნენ, რომ საქართველოში იყოს წარმოებული და შემდეგ უკვე ექსპორტირებული ევროკავშირის ბაზარზე და რამდენიმე ექსპორტი უკვე განხორციელდა. ეს არის შესაძლებლობები, რომელსაც ხედავს ბიზნესი, თუმც რაც უფრო მეტი დაახლოება და ინტეგრაცია მოხდება ევროპულ კანონმდებლობასთან, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაიხსნება ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა არველაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება