საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა 14 მარტს გაიმართება

საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1753) საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა 14 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა კრძალავს არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსებას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არასათანადოდ მიიჩნევს მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო პერიოდს მიღმა პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მისი გავრცელებისთვის.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საკანონმდებლო მოწესრიგება ემსახურება საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში მომეტებული ფინანსური გავლენების განეიტრალების ლეგიტიმურ მიზანს. თავის მხრივ, ეს მიზანი რელევანტურობას კარგავს არა წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან კანონი საფრთხის სიმცირიდან გამომდინარე „პოლიტიკური რეკლამის“ ცნებას არ განავრცობს არა წინასაარჩევნო პერიოდზე. ამასთან, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის არა წინასაარჩევნო პერიოდზე განვრცობის შემთხვევაშიც კი შეზღუდვა იმდენად ფართოა, რომ არ აკმაყოფილებს პროპორციულობის კონსტიტუციურ სტანდარტს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი წესი გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

იმავდროულად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, სადავო ნორმატიული შინაარსით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეესაბამება კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნას, რომლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს არა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გაშუქების აკრძალვას, ხოლო გასაჩივრებულ რეგულაციიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშუქების აკრძალვის ამოკითხვა, ნორმის ფართო და განუჭვრეტელი ინტერპრეტაციის შედეგია, რაც არ არის შეთავსებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნასთან გამოხატვის თავისუფლების მხოლოდ კანონის საფუძველზე შეზღუდვასთან დაკავშირებით.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო