რუსული მხარის ინფორმაციით, კიევმა რუსეთის რამდენიმე ოლქს დრონებით შეუტია

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა წუხელ მოსკოვის, ბელგოროდის, კალუგას, ორიოლის, როსტოვის, იაროსლავისა და კურსკის ოლქებში და კრასნოდარის მხარეში 35 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასულ ღამეს და 17 მარტის დილას აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 17 უპილოტო საფრენი აპარატი - კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი - მოსკოვისა და იაროსლავის ოლქებში, სამ-სამი - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, ორი - კალუგაში და თითო-თითო ორიოლისა და როსტოვის ოლქებში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დრონით ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა სცადეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსული მხარის ცნობით, თავდასხმის შედეგად, კომპანიის ერთი თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა მოსკოვის ოლქის დომოდედოვოს, რამენსკის და სტუპინსკის რაიონებში. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება