ევროკავშირი - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები ბათილად ითვლება და არ შეიძლება რაიმე სამართლებრივი შედეგი ჰქონდეს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უაღრესად შეზღუდულ გარემოში, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულმა ომმა, - ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ სწუხან რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, არ მიეწვია საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებზე.

„ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს და რუსეთის ამომრჩევლებსა და ინსტიტუტებს ამ არჩევნების მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ შეფასებაზე წვდომის საშუალებას არ აძლევს “, - ნათქვამია ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები ბათილად ითვლება.

„ე.წ. არჩევნები ამ ტერიტორიებზე წარმოადგენს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების, და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ აშკარა დარღვევას. მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და სუვერენიტეტს. ევროკავშირი იმეორებს, რომ არც ახლა და არც მომავალში არ აღიარებს ამ ე.წ. არჩევნების ჩატარებას უკრაინის ტერიტორიაზე და არც მათ შედეგებს. ის ბათილად ითვლება და არ შეიძლება რაიმე სამართლებრივი შედეგი ჰქონდეს. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ამ ე.წ. არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ პირებს ამ უკანონო ქმედებების გამო შედეგები ელოდებათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერები ადასტურებენ თავიანთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს