საფრანგეთი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" საარჩევნო უბნების მოწყობას

საფრანგეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს. ამის შესახებ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე მოაწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა ე.წ. „არჩევნები“ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოაწყო:

„ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილებში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ე.წ. „არჩევნების“ უკანონო ორგანიზება საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების შემდგომ დარღვევას წარმოადგენს. საფრანგეთი აღნიშნული ე.წ. „არჩევნების“ ჩატარებას და მის შედეგებს არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თავის ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - აღნიშნულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული ზეწოლის და რეჟიმის საწინააღმდეგო ფორმების შეზღუდვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის აკრძალვის ფონზე მიმდინარეობდა.

„საფრანგეთი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგს აღნიშნავს, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად მეხუთე ვადით დარჩება. რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული ზეწოლის და რეჟიმის საწინააღმდეგო ფორმების შეზღუდვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის აკრძალვის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური ოპოზიციური მოღვაწე, ალექსეი ნავალნი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა, სხვა გარემოებებთან ერთად, რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი პატიმრობის პირობების გამკაცრების შედეგად. კანდიდატებს, რომლებიც უკრაინაში ომის გაგრძელებას ეწინააღმდეგებოდნენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ, რამაც პლურალიზმის დონე მნიშვნელოვნად შეამცირა. საარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატების მედიასთან თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით საერთაშორისო სტანდარტები დაცული არ იყო. კიდევ ერთხელ, თავისუფალი, პლურალისტური და დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო პირობები არ დაკმაყოფილდა. საფრანგეთი რუსეთის მრავალი მოქალაქის გამბედაობას მიესალმება, რომლებმაც მათ ფუნდამენტურ პოლიტიკურ უფლებებზე განხორციელებული თავდასხმის მიმართ თავიანთი წინააღმდეგობა მშვიდობიანად აჩვენეს. საფრანგეთი წუხს, რომ რუსეთმა, საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია, რაც იმას ნიშნავდა, რომ არჩევნები ყოველგვარი მიუკერძოებელი საერთაშორისო დაკვირვების გარეშე მიმდინარეობდა“, - აცხადებს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის