გიორგი პერტაია - კომპანიების 95%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მათ ბიზნესზე დადებითი გავლენა ექნება

კომპანიების 95%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დადებითი გავლენა ექნება მათ ბიზნესზე, - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპალატის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება: ბიზნესის პერსპექტივები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, გიორგი პერტაია, როგორც ევროპალატის გაფართოებისა და სამეზობლო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, პირველ პლენარულ დისკუსიაზე მოხსენებით წარსდგა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ბიზნეს პერსპექტივებზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების პროცესში. ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბიზნეს წრეების როლზე.

კონფერენციის ფარგლებში, ევროპალატის წევრი ქვეყნების ბიზნეს წრეებში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ჩატარებული კვლევების, მათ შორის საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს.

„ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავატარეთ ქართული კომპანიების გამოკითხვა ევროპალატის კითხვარზე დაყრდნობით. ხაზგასასმელია, რომ ევროპალატის კვლევაში ყველაზე აქტიურად მონაწილეობა ქართულმა კომპანიებმა მიიღეს. გამოკითხული კომპანიების 95%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დადებითი გავლენა ექნება მათ ბიზნესზე“, - განაცხადა პალატის პრეზიდენტმა.

აღნიშნული კონფერენცია ევროკავშირის გაფართოების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროკავშირში გაფართოების საკითხებს მიეძღვნა.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი პერტაიამ, როგორც ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ფარგლებში გაფართოების კანდიდატის სტატუსის წევრმა, სამუშაო შეხვედრები გამართა ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წარმომადგენელთან და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს