„საქპატენტის“ თავმჯდომარე პატენტრწმუნებულებს შეხვდა

„საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე პატენტრწმუნებულებს შეხვდა. „საქპატენტის“ ცნობით, შეხვედრაზე პატენტრწმუნებულთა სფეროში მიმდინარე რეფორმაზე, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების დარგში ბოლოდროინდელ სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „საქპატენტმა“ „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას პირველი მოსმენით მიიღო. საქართველოს კანონი პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვებასთან, რეგისტრაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს და, ასევე, შექმნის პატენტრწმუნებულთა ასოციაციის არსებობის სამართლებრივ საფუძველს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს ძალაში შევიდა შეთანხმება ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა და საქპატენტს შორის ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ, რასაც წინ უსწრებდა საქართველოს საპატენტო კანონში გასული წლის 16 მაისს განხორციელებული ცვლილება, რითაც დასრულდა „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულების (ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება) შესრულების პირველი ეტაპი.

პატენტრწმუნებულის ინსტიტუტი საქართველოს სამართლებრივ რეალობაში შედარებით ახალი მოვლენაა, შესაბამისად, ქართული პრაქტიკა ამ მიმართულებით საკმაოდ მწირია, თუმცა, ამჯერად, პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმის საფუძველზე, დაინერგება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი სტანდარტი – სავალდებულო გახდება პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. შედეგად, ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულიად ახალი, თანამედროვე ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროფესიულ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უკეთ დაცვას და, ზოგადად, დარგის განვითარებას.

მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თავად პატენტრწმუნებულებიც, რომელთა რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი აისახა კიდეც კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში.

„საქპატენტის“ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე პატენტრწმუნებულებმა, სხვა გამოწვევებთან ერთად, ასევე, ისაუბრეს „საქპატენტის“ რიგი სერვისების საფასურის თაობაზეც. შეთანხმდნენ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ურთიერთთანამშრომლობისა და აზრთა შეჯერების საფუძველზე, საჭიროებისამებრ, ჩაატარებენ საფუძვლიან ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშავებენ შესაბამის წინადადებებსა და სამოქმედო გეგმას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია