მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე 268 მოსამართლემ მხარი დაუჭირა 2024 წლის 11 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ე.წ ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით, რომ პროცედურა საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთა.
გვრიტიშვილის თქმით, მათი პოზიცია ეფუძნება იმას, რომ სათანადო წინაპირობები ე.წ. ვეტინგისთვის არ არსებობს საქართველოში, “განსხვავებით მაგალითად, უკრაინის, ალბანეთისა და მოლდოვისგან”.
“მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ყველა მოსამართლემ ერთხმად მხარი დაუჭირა 2024 წლის 11 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ე.წ ვეტინგთან მიმართებაში; რომ ეს პროცედურა საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენი პოზიცია ეფუძნება იმას, რომ სათანადო წინაპირობები ამ ექსტრაორდინარული პროცედურისთვის, როგორიც არის ე.წ ვეტინგი არ არსებობს საქართველოში, განსხვავებით მაგალითად, უკრაინისგან, ალბანეთისგან და უკვე მოლდოვისგან, სადაც ეს პროცედურა ჯერ კიდევ რამდენიმე წელია მიმდინარეობს და დასასრული არ უჩანს მაგალითად, ალბანეთში. ამ ქვეყნის შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ იყო საყოველთაო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში სისტემური კორუფცია იყო. გამოკითხული მოსახლეობაც და თვითონ მოსამართლეებიც კი, მიუთითებდნენ, რომ სასამართლოში კორუფცია იყო. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის”, - აღნიშნა გვრიტიშვილმა.
ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია და მყარი მონაცემები, რომ საქართველოს საერთო სასამართლოს სისტემებში არის იმგვარი კორუფცია, რომ საჭიროებდეს "ვეტინგს".
“არსებობს მიკერძოებული სუბიექტების, როგორიცაა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, რომელსაც “კაპიტანი გიგაურის კვლევა”დავარქვით, ამგვარი სუბიექტების მიერ ჩატარებული კვლევების გარდა რეალური, ავტორიტეტული კვლევები როგორიც არის, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია და მყარი მონაცემები, რომ საქართველოს საერთო სასამართლოს სისტემებში არის იმგვარი კორუფცია, რომ საჭიროებდეს ექსტრაორდინარულ პროცედურას, რაც არის "ვეტინგი"”, - განაცხადა გვრიტიშვილმა.