"გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე" - ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - "გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში ეკონომისტები, ფინანსისტები, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ბოლო წლებში განცდილმა ერთმანეთის მიმყოლმა შოკებმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია ცხადად აღვიქვამდეთ გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის კომპლექსურობას და სწორად ვრეაგირებდეთ მიმდინარე პროცესებზე. გლობალური შოკების ფონზე განსაკუთრებით ცენტრალური ბანკები აღმოჩნდნენ ექსტრაორდინარული გამოწვევების წინაშე, რადგან ბოლო წლების ეკონომიკური შოკები ინფლაციური იყო.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კოვიდ-პანდემიამ, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და გლობალურად მკვეთრად გამკაცრებულმა ფინანსურმა პირობებმა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, პოლიტიკის გამტარებლები დიდი დილემის წინაშე დააყენა. სტრუქტურულად მოწყვლადი ქვეყნები, სადაც დოლარიზაცია მაღალია, ამ შოკების მიმართ უფრო მოწყვლადები აღმოჩნდნენ.

"თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ სებ-მა წარმატებით უპასუხა ინფლაციურ გამოწვევებს. შეინარჩუნა ფასების სტაბილურობა და შედეგად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები კარგად მართულია. 2023 წლის დასაწყისიდან საქართველოში ინფლაციამ კლება დაიწყო და ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე გაცილებით დაბალია. თებერვალში მთლიანი ინფლაცია 0.3%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ინფლაციური შოკების დროს, ჩვენ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებზე ადრე დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ინფლაციურ ზეწოლასთან გამკლავებასა და ინფლაციური მოლოდინების მოთოკვაში დაგვეხმარა. ინფლაციის შენელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საკმარისად და დროულად გამკაცრებული პოლიტიკა იყო. გლობალურ გამოწვევებზე ჩვენი პოლიტიკის დროულმა და სათანადო პასუხებმა საქართველოს ეკონომიკა შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახადა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა მიმოიხილა სებ-ის საერთაშორისო კონსულტანტმა, კომპანია OGResearch-ის დამფუძნებელმა დევიდ ვავრამ. მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველომ უცხოური ვალუტის დიდი მოცულობის რეზერვები შექმნა და მთავრობის ფინანსების სტაბილურობას მიაღწია. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკისა და მაკროეკონომიკური მართვის პერსპექტივიდან, ბოლო წლებში სიტუაცია ხელსაყრელი იყო და ეს მდგომარეობა კვლავაც შენარჩუნდება.

ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა გლობალურ ტენდენციებზე პოლიტიკის რეაგირებისა და მათ შედეგებზე ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს და ყურადღება გამახვილდა გლობალურ გამოწვევებზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს "თიბისი კაპიტალისა" და "გალტ ენდ თაგარტის" წარმომადგენლებმა.

"თიბისი კაპიტალის" ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე მჭედლიშვილმა საერთაშორისო საპროცენტო განაკვეთების მოლოდინებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა და მიმოიხილა საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი გავლენა საქართველოზე.

"გალტ ენდ თაგარტის" სექტორული კვლევის უფროსმა კახა სამყურაშვილმა კი კონფერენციის მონაწილეებს გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა გააცნო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო