ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის (SWG) გენერალურ მდივანს ბობან ილიჩს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის (SWG) გენერალურ მდივანს ბობან ილიჩს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონულ ჯგუფში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ჯგუფის გენერალურ მდივანს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონულ ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანება. ევროკავშირის წევრობა ქართველი ხალხის ერთსულოვანი არჩევანია. ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ რჩება გამოწვევები, რაშიც პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჯგუფის წევრობის პირობებში შევძლებთ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას, რაც დაგვეხმარება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულ და ეფექტიან შესრულებაში. საკითხი, უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში პირადად ვიქნები ჩართული“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის (SWG) გენერალურმა მდივანმა ბობან ილიჩმა განმარტა, რომ მას ნაყოფიერი თანამშრომლობის მოლოდინი აქვს.

„გილოცავთ, თქვენ მეგობრების ჯგუფს შემოუერთდით. ჩვენი მიზანია, ჯგუფის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაციით და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას. მაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის მოლოდინი“,- განაცხადა ბობან ილიჩმა.

მათივე ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფი წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც 2005 წლიდან, დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი თანამშრომლობით ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი პრინციპების განვითარებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება