სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტის განსახილველად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახეობათა აღდგენის დოკუმენტი, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) პრინციპების შესაბამისად, მოიცავს სახეობებს, რომელთა აღდგენა ეროვნულ დონეზე უნდა განხორციელდეს.

სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი სახელმწიფო, არასამთავრობო, სამეცნიერო სექტორისთვის და დონორი ორგანიზაციებისთვის, სახეობათა აღდგენის ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

„საქართველოს ექნება გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა აღდგენის ეროვნული გეგმა და სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით გავაგრძელებთ ჩვენი მდიდარი ბიომრავალფეროვნების აღდგენას. ბოლო ასწლეულში ათეულობით სახეობა გადაშენდა ან გადაშენება ემუქრება. თანმიმდევრული პოლიტიკა, სამეცნიერო დასაბუთება და საჭირო ფინანსების მობილიზების საფუძველი ეროვნული აღდგენის გეგმაა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.

„სამუშაო შეხვედრას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა