საქართველოს სამთო საზოგადოების თავმჯდომარედ სტუ-ის პროფესორი, ირაკლი გუჯაბიძე აირჩიეს

საქართველოს სამთო საზოგადოების უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ - პრეზიდიუმმა, საზოგადოების თავმჯდომარედ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე აირჩია.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამთო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ნიკოლოზ ჩიხლაძე, სამთო მექანიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლევან ჯაფარიძე, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. ასევე, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის და სამთო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრის, პროფესორ ანზორ აბშილავას თქმით, საქართველოს სამთო საზოგადოების თავმჯდომარედ პროფესორ ირაკლი გუჯაბიძის არჩევა შემთხვევითი არაა.

„ირაკლი გუჯაბიძე სამთოელია. უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით შესრულდა საქართველოში კლდეში ნაკვეთი ძეგლების - დავით გარეჯის, ვარძიის, უფლისციხის რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტები, შემუშავდა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების პროექტები, ქალაქის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობათა გაანგარიშებისა და მათი დაცვის მეთოდები და საშუალებები, შეიქმნა თბილისის მიწისქვეშა სივრცეების ათვისების კონცეფცია. ამ და სხვა სამეცნიერო მოღვაწეობის ფონზე, ირაკლი გუჯაბიძის კანდიდატურა ყველა სამთოელისთვის მისაღებია. ვულოცავ კოლეგას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ანზორ აბშილავამ.

საქართველოს სამთო საზოგადოების ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრეზიდიუმს ნდობისთვის, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის.

„ძალიან დიდი რესურსები აქვს საქართველოს სამთო საზოგადოებას იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიმართულებით, ამიტომ საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებ. პირველ რიგში პრეზიდიუმს წარვუდგენ სამოქმედო გეგმას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით შევიკრიბოთ და მოქმედების გეგმა წარვადგინოთ. მოვისმინოთ მათი შეხედულებები და დავიწყოთ აქტიური საქმიანობა“, - განაცხადა ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს სამთო საზოგადოების მორიგი სხდომა ერთი თვის ვადაში გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია