ირაკლი კობახიძე - გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით - ეს პოლიტიკური ნება არსებობს და მიზანი არის სავსებით მიღწევადი

გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი.

„მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 და ევროპის საუკეთესო 20 ქვეყანას შორის დასახელდა და ბოლოს, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.

ეს არის ის შედეგები, რომლებიც გვაძლევს, რა თქმა უნდა, კმაყოფილების საფუძველს, თუმცა, ჩვენ ამ შედეგებით და მიღწევებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს გამოვხატე ჩვენი ამბიციური ამოცანა, რომ გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

რა თქმა უნდა, ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი აკისრია. მინდა მოგილოცოთ ერთი წლის იუბილე და ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ბევრი რამ გაკეთდა, რათა ბიუროს სათანადოდ განეხორციელებინა საკუთარი უფლებამოსილებები. ანტიკორუფციული ბიურო აღიჭურვა სათანადო, როგორც სამართლებრივი, ისე ინსტიტუციური გარანტიებით, რაც მას კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის შესაძლებლობას ანიჭებს. ამასთან, ბიუროს მუდმივი გაძლიერება დარჩება, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად. ამ მიზნით ახლაც ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტში და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მთელი ყურადღებით მივუდგებით ამ მნიშვნელოვან ამოცანას, რასაც ჰქვია ბიუროს შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება.

მე, პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო ანტიკორუფციულ ბიუროს თანადგომა, ჩვენი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ ბიუროს საქმიანობა, ჩვენი ამბიციური მიზნების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო