პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

სამსახურიც ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს ინფორმაციას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლის შესახებ.

„დღეს, როდესაც საქართველოს მინიჭებული აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ვიმყოფებით ევროინტეგრაციის პროცესში, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და, შესაბამისად, ახალი სტანდარტების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ახალი კანონის მიღება, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის განვითარების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისათვის, რაც, ასევე, აღიარებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის წინასიტყვაობაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობა.

„საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა მიიღო 526 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 350 (66%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო დაწესებულებებში, 120 (23%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 56 (11%) — სამართალდამცავ ორგანოებში.

2023 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამსახურმა ჩაატარა 192 მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება).

სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 267 ფაქტი.

გაცემულ იქნა ჯამში 472 დავალება და რეკომენდაცია.

საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მიერ გაწეული იქნა 5106 კონსულტაცია (ზეპირი - სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში, ასევე წერილობითი ფორმით.)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 76 შემთხვევაში გამოიყენა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სამსახური სისტემატურად ატარებს საჯარო ლექციებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს კერძო და საჯარო სექტორის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის.

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა ჩაატარა 62 შეხვედრა 3158 დამსწრე პირთან.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე - https://pdps.ge/files/content/PDPS%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%202023_1711980184.pdf “, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება