მსოფლიო ბანკისა და შვედეთის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, თბილისში ჰაერის დაბინძურება ყველაზე დიდ ზემოქმედებას უღარიბეს ოჯახებზე ახდენს

დღეს მსოფლიო ბანკმა, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ყოვლისმომცველი ანგარიში “სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში” გამოაქვეყნა, რომელიც ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ჰაერის დაბინძურების მწვავე ზემოქმედებას აანალიზებს.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს ეთმობა.

საქართველოში მსოფლიოს ბანკის ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურების განაწილებითი ზემოქმედების შესაფასებლად კვლევაში გამოყენებულია მონაცემთა სხვადასხვა წყაროები, მათ შორის, ადმინისტრაციული ინფორმაცია, ჩატარებული შეფასებები, თანამგზავრიდან მიღებული გამოსახულებები და რეალურ დროში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული ადამიანები ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე უფრო მაღალია, შედარებით უფრო ხელმოკლე შინამეურნეობები და ნაკლები განათლების მქონე პირები ბევრად მოწყვლადნი არიან დაბინძურების უარყოფითი ზეგავლენის მიმართ იმის გამო, რომ უწევთ ღია სივრცეში ხანგრძლივად მუშაობა, არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედების შესახებ.

„ახალ ანგარიშში შემოთავაზებულ ინტერვენციებს და ღონისძიებებს თბილისში ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენის დაცვა შეუძლია. ამავდროულად, აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს მწვანე გარდაქმნას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

„ჰაერის დაბინძურება გლობალურად გაცილებით მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს, ვიდრე არასრულფასოვანი კვება, შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია ერთად“, - აღნიშნა თბილისში შვედეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ილესმა.

მისივე თქმით, შვედეთი საქართველოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სისტემების გაუმჯობესებაში, არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაში და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევაში ეხმარება.

„ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თბილისის მოსახლეობის უზრუნველყოფას ინფორმაციით, რომელიც საჭიროა ჰაერის დაბინძურების საფრთხისგან საკუთარი თავისა და ოჯახების დასაცავად და ასევე ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად”, - დასძენს ის.

ასევე, კვლევა მიუთითებს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების შემცირება შესაძლებელია მისი ხარისხის გაძლიერებული მონიტორინგით, ტრანსპორტის მოძრაობის და სამრეწველო გამონაბოლქვის რეგულირებითა და მწვანე ტექნოლოგიების ხელშეწყობით. ელექტრომობილების გამოყენების წახალისებას და საწვავის სტანდარტების მკაცრ დაცვას შეუძლია ტრანსპორტიდან მომდინარე გამონაბოლქვის შემცირება, რაც მწვანე გარდაქმნისთვის საქართველოს მზადების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ამასთან ერთად, ნახშირბადის განფასების სისტემის შემოღებას, როგორც სათბურის აირების გამობოლქვის რეგულირების დარგობრივი პოლიტიკის ინსტრუმენტს, შეუძლია არსებითად გააუმჯობესოს ადგილობრივი ჰაერის ხარისხი ჯამური გამონაბოლქვის შემცირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, მსოფლიო ბანკის ცნობით, თბილისში დახურულ სივრცეში ჰაერის დაბინძურების დონე ხშირად აჭარბებს შენობის გარეთ ჰაერის დაბინძურებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. საყოფაცხოვრებო საწვავის გამოყენება, მოწევა და შენობების საიზოლაციოდ გამოყენებული მასალები დედაქალაქის დახურულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციაა თამბაქოს პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო საწვავის მიზნობრივი დაბეგვრა, ისევე როგორც საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ჰაერის ხარისხის მონიტორების დანადგარების დანერგვის წახალისება.

„ჰაერის დაბინძურება აფერხებს განვითარებას ფატალური დაავადებების გამოწვევით, ზიანის მომტანი საცხოვრებელი პირობების შექმნითა და ეკოსისტემების დარღვევით, რაც ამწვავებს სიღარიბეს და უთანასწორობას. მსოფლიო ბანკი მოწოდებულია გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ჰაერის დაბინძურების უარყოფით ზემოქმედებას,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის სიღარიბის დაძლევის და თანასწორობის მიმართულების გლობალურმა დირექტორმა ლუის ფელიპე ლოპეს-კალვამ.

მსოფლიო ბანკის ცნობით, ანგარიში შემუშავებულია საქართველოს მთავრობის, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; თბილისის მერიის; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებთან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებთან და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და შვედეთის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით.

ანგარიშის პრეზენტაციაში მონაწილე პოლიტიკის შემმუშავებლებმა, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა იმსჯელეს კვლევის მიგნებებსა და იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებიც თბილისში ჰაერის ხარისხისა და ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო