CIU-მ „ნატოს კვირეულს“ უმასპინძლა

3-5 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 75 წელთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და CIU-ს NATO-სა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, „NATO-ს კვირეული“ გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კვირეული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე ფარულავას საჯარო ლექციით გაიხსნა თემაზე: „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, გამოწვევები და პერსპექტივები“.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპიკერმა ლექციის ფარგლებში მიმოიხილა ნატოსთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკა, საქართველოს ინტეგრაციის საკითხები და ამ გზაზე არსებული შესაძლებლობები თუ გამოწვევები.

„ლექციის ფარგლებში, ასევე, აუდიტორიას მიმართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ირინა შამილაძემ.

ღონისძიებას მოდერაცია გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა.

კვირეულის მეორე ლექცია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, თადარიგის ბრიგადის გენერალს, გელა გიორგაძის დაეთმო თემაზე: „ნატოს როლი სამშვიდობო პროცესებში და თანამედროვე სამხედრო გამოწვევები“.

შეხვედრაზე სპიკერმა მიმოიხილა ნატოს დაარსების პოლიტიკა, ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკა და არსებული საფრთხეები, „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამა, ნატოს განვითარების დინამიკა, თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები, ნატოს როლი სამშვიდობო პროცესებში და ცვალებადი ევროპული თავდაცვა. ასევე, SWOT ანალიზის გამოყენებით წარმოადგინა ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკა და მიმდინარე გამოწვევები.

კვირეულის მომდევნო ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა, სადაც CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებმა, დაჩი დანელიამ და რუსუდან ზარიძემ, ნატოსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს, რასაც აუდიტორიაში აქტიური დისკუსია მოჰყვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

„შეხვედრას მოდერაცია CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ალიკა გუჩუამ გაუწია.

კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე წარდგა საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია თემით: „საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში: ნატოს გამოცდილება“.

სპიკერმა ლექციის ფარგლებში მიმოიხილა ისეთი საკითხები როგორებიცაა: ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა სხვადასხვა მისიებში (კოსოვო, ერაყი, ავღანეთი); ადამიანთა უსაფრთხოება; საფრთხის შემცველი სცენარები; ბრძოლაში ჩართვის წესები; ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელობის გააზრება სამხედრო მისიებში.

აღნიშნულ კვირეულში, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ ქ. თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო