გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე - გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება, რეალურია და ეს იქნება ძალიან მძიმე ამბავი, ამის დაშვება არ შეიძლება

გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება, რა თქმა უნდა, რეალურია და ეს იქნება ძალიან მძიმე ამბავი, ამის დაშვება არ შეიძლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ დაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც 22 ევროპარლამენტარის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს“.

გიგი წერეთლის განცხადებით, ხელისუფლება არ ელოდება, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ისეთივე წინააღმდეგობა მოჰყვება, როგორც შარშან „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის შემთხვევაში, თუმცა ცდებიან.

„მოვისმინეთ ევროპარლამენტის, 12 ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის კონკრეტული პარლამენტების, აშშ-ის, ნატო-ს, გაერო-ს განცხადებები და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ხელისუფლება თვლის, რომ ახლა კარგი დროა, რადგან არჩევნებამდე პერიოდია, ევროპაში და ამერიკაში არჩევნებია. ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მოდის, ხალხს კარგი განწყობა აქვს ჩვენი გუნდის საოცარი, თავდადებული გამარჯვების შემდეგ და შიდა წინააღმდეგობა არ იქნება იმ მასშტაბით და შეიძლება გარედანაც არ ელოდება, მაგრამ კალკულაციაში ცდებიან. ყველა ნორმალური ხელისუფლებისთვის 22 ევროპარლამენტარის და დასავლური ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადება უნდა იყოს საკმარისზე უფრო მეტი. აქამდე როგორ უნდა მიიყვანოს საქმე იმ ხელისუფლებამ, რომელსაც უნდა ევროინტეგრაცია და უნდა, რომ დააჩქაროს პროცესი. ეს ხალხი, ვინც ამას ხელს აწერს, ხომ ყველა გეხვეწება, რომ შენს გვერდში ვართ, ოღონდ ეს შეცვალეთ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია და მათ სჭირდებათ, რომ ძლიერებად წარმოჩინდნენ.

„ხელისუფლების გადაწყვეტილება საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია. მათ სურთ, ანახონ საზოგადოებას, რომ არიან ძლიერები, რომ ომი კი არ წაუგიათ, არამედ ბრძოლა წააგეს და ახლა ახალი ბრძოლა აქვთ წამოწყებული. იმ ხალხს, ვინც გასაპროტესტებლად გამოვა, დაარქმევენ რადიკალურ ოპოზიციას. შეეცდებიან პოლარიზებულ გარემოში რაღაც წამატებას მიაღწიონ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება