ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - დრონის აფეთქებამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორი დააზიანა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქებამ სადგურის მთავარი ბირთვული რეაქტორის დამცავი გარსი დააზიანა, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მთავარი რეაქტორის დამცავ სტრუქტურაზე სულ მცირე 3 პირდაპირი დარტყმა განხორციელდა.

რაფაელ გროსის განმარტებით, მომხდარი წარმოადგენს სერიოზულ ესკალაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის კუთხით.

„ვერავინ შეძლებს რაიმე სარგებლის, ან რაიმე სამხედრო ან პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისგან. მტკიცედ მივმართავ გადაწყვეტილების მიმღებ სამხედრო პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც არღვევს ბირთვული ობიექტების დაცვის ძირითად პრინციპებს“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ე.წ. „ხელმძღვანელობამ“ თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა მომხდარის გამო პასუხისმგებლობა რუსულ ძალებს დააკისრა.

შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტის დასაწყისში დაიკავეს.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა