პროკურატურა - ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც საკუთარ ფერმაში ოთხ ადამიანს იძულებით ამუშავებდა

საქართველოს პროკურატურამ ოთხი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, შრომის ინსპექციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არსებული ფერმების მფლობელმა, ტრეფიკინგის მიზნით, ოთხი პირი მოტყუებით, ძალადობით და იძულებით, გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ ფერმებში უსასყიდლოდ ამუშავა. ბრალდებული მათ აიძულებდა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეესრულებინათ მისი დავალება, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სახლში წასვლის უფლებას არ აძლევდა. დაზარალებულებმა გაუსაძლისი პირობების გამო ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს, თუმცა ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობით და მუქარით ისინი უკან დააბრუნა და კვლავ იძულებით სამუშაოში ჩართო. სამმა დაზარალებულმა მოგვიანებით კვლავ შეძლეს ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა, ხოლო ერთ-ერთ პირს ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას 4 აპრილამდე უწევდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მე-2 ,,ბ“ და ,,გ“; მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - აღნიშნული ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება