საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდნენ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 9 აპრილი არის გმირობის ის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობები უნდა გაიზარდონ.

„ეს არის დღე, რომელიც ერთდროულად ასოცირდება დიდ ტკივილთან, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების დაღუპვას სდევდა. მეორე მხრივ, ორი წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სიმბოლიზმმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება 9 აპრილს, დიდი სიხარული შესძინა ამ თარიღს.

ამავდროულად, 9 აპრილი არის გმირობის ის მაგალითი, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ეს არის მთავარი ღირებულება, რისთვისაც ქართველები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ და ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ქართველი, საქართველო და ქართული საზოგადოება არ დათმობს არც თავისუფლებას, არც დამოუკიდებლობას და ნებისმიერ ფასად შეძლებს, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი “, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება