აშშ-ს ელჩი - როცა კანონპროექტი გაქვთ, რომელზეც დასავლელმა პარტნიორებმა შეშფოთება გამოხატეს, თქვენი ოკუპანტი კი მიესალმა, საკუთარ თავს უნდა კითხოთ, არის თუ არა ეს კარგი ქვეყნისთვის? - პროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის

ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც საჯაროდ, ისე პირადად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სერიოზული შეშფოთება გამოხატა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უნარზე, რომ ქართველ ხალხს ყოველდღიურად დაეხმარონ, უარყოფითად იმოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას მხოლოდ აშშ არ გამოხატავს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება ევროკავშირმა, ნატო-მ, ევროპულმა საბჭომ, გაერო-მ, ევროპარლამენტმა და ევროპის უამრავმა ცალკეულმა ქვეყანამ გამოთქვა. მათ შეშფოთება გამოთქვეს, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანები გზაზე უარყოფით გავლენას მოახდენს“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში აშშ-ის უშუალო დახმარებით განხორციელდა.

„მსურს იმ მნიშვნელოვან სამუშაოზე ვისაუბრო, რომელიც ჩვენი დახმარებით ხორციელდება. აშშ საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტია რაც თანამშრომლობს, რათა 6 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება განეხორციელებინა. რას ნიშნავს ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები ერთმანეთს მხარს უჭერენ, რათა გაძლიერდნენ და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მაგალითად, ჩვენი დახმარებით საქართველოს თავდაცვის ძალები გაძლიერდა, საქართველოს სანაპირო დაცვა აღიჭურვა, რათა საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და შემდგომი აგრესიის შეკავება შეძლოს. ჩვენი დახმარებით საავადმყოფოები და სკოლები აშენდა. ჩვენ ექიმები, მასწავლებლები და გადაუდებელი დახმარების მუშაკები მოვამზადეთ. ჩვენი დახმარებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები აშენდა, რათა შშმ პირებს დავეხმაროთ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ და მათ ოჯახებს დავეხმაროთ. ჩვენი დახმარებით მცირე ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს სესხები მიეცათ. ჩვენ ახალგაზრდებს პროფესიული განათლება მივაწოდეთ, გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც ინგლისურის უფასოდ სწავლაა შესაძლებელი. ჩვენ ათასობით ქართველს აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა მივეცით. ეს არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ქვეყნებს განვითარებაში, ეკონომიკურად გაძლიერებასა და თავდაცვაში ეხმარებიან. მე ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მა საქართველოს გაუწია, ასევე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს.

ამიტომ, თქვენ საკუთარ თავს უნდა კითხოთ, როცა თქვენ კანონპროექტი გაქვთ, რომლის შესახებაც თქვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს, მაგრამ თქვენი ოკუპანტი მას მიესალმა, თქვენ უნდა იკითხოთ, არის თუ არა ეს კარგი თქვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის. აშშ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს და იმას, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას, მიესალმება. ჩვენი კანონი მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით და ინტერესებით ლობირებისთვის თანხას იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ. ძალიან განსხვავებული კანონია. კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით დგას და საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერს“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024