პაატა მანჯგალაძე მამუკა მდინარაძეს - რად გიღირთ ადამიანების ცხვირ-პირის დამტვრევა? კიდევ რომ გამოვლენ მოქალაქეები, უფრო მეტად რადიკალურები იქნებით, უფრო დაარბევთ ახალგაზრდებს?

[ამ კანონის მისაღებად] რად გიღირთ ადამიანების ცხვირ-პირის დამტვრევა? კიდევ რომ გამოვლენ მოქალაქეები, უფრო მეტად რადიკალურები იქნებით, უფრო დაარბევთ ახალგაზრდებს? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელიც პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარადგენს.

მისივე თქმით, პროექტი, რომელიც ბლოკავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას, არის რუსული.

„როცა პრემიერ-მინისტრს ვამტკიცებდით, იქ დაისვა კითხვა, ხომ არ აპირებდა „ქართული ოცნება“, ხელახლა, ამ კანონის მიღებას და გამოირიცხა. რა მოხდა 2 თვეში ისეთი, რომ კანონს დაუბრუნდით? მითუმეტეს, ვიცით საქართველოს მოქალაქეების რეაქცია, რა პირობებში მოგიწიათ ამ კანონზე უარის თქმა. კიდევ რომ გამოვლენ მოქალაქეები, უფრო მეტად რადიკალურები იქნებით, უფრო დაარბევთ ახალგაზრდებს? რა გაძლევთ გარანტიას, რომ ამ კანონს სიკვდილ - სიცოცხლის ფასად მიიღებთ? თუნდაც დაშავდნენ და დაზიანდნენ ადამიანები. მომხსენებელმაც დაგვიდასტურა, რომ ევროკავშირში რომ შევალთ, ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არ გავრცელდებაო. რა საჭიროა, ბატონო მამუკა, ამის მიღება, თუ ხვალ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიქნებით, რად გიღირთ ადამიანების ცხვირ-პირის დამტვრევა ამისთვის? რატომ ვერ შევალთ ხვალ და ზეგ? არ აპირებთ 9 პირობის შესრულებას? 2028 წელიც ხვალაა. რატომ გიღირთ, რა უკიდურესი აუცილებლობაა, რომ ადამიანების ცხვირ-პირის დალეწვა, ქუჩაში ამბავი გიღირთ, რომ რაღაც გამჭვირვალობა შეასრულოთ. რა გამჭვირვალობა, ღარიბაშვილის თავმჯდომარეობის პირობებში ვის გამჭვირვალობაზე ლაპარაკობთ. პროექტი, რომელიც ბლოკავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას, არის რუსული“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება