ირაკლი კობახიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს ღირსების საკითხია - ჩვენ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ

რა თქმა უნდა, კანონთან დაკავშირებით პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს ღირსების საკითხია - საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ფინანსები გაუმჭვირვალეა, არასამთავრობო სექტორს დიდი ცდუნება აქვს, რომ საქმიანობა არასწორად წარმართოს.

„რა თქმა უნდა, კანონთან დაკავშირებით პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს ღირსების საკითხია. ჩვენ უნდა დავიცვათ საზოგადოების ინტერესები, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება არავის უნდა მივცეთ.

გახსოვთ, შარშან განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ წელს აუცილებელია პროცესი ბოლომდე მივიდეს. ჩვენ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ. ის მოვლენები, რომლებიც 2020-2022 წლებში ვიხილეთ, არ უნდა განმეორდეს.

საბოლოოდ, ეს კანონი როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტს, ისე დონორებსაც დააზღვევს. როცა დაფინანსება გაუმჭვირვალეა, „ენჯეოებს“ ძალიან დიდი ცდუნება აქვთ, რომ საკუთარი საქმიანობა არასწორად წარმართონ. ჩვენ გვესმის, რომ დონორებს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არ უხარიათ, მაგრამ ეს მათთვისაც აუცილებელია. კანონის არსებობის შემთხვევაში, მოიკლებს ცდუნება, რომ დონორებმა არასწორი ქმედებები დააფინანსონ, მაგალითად, წვლილი შეიტანონ პოლარიზაციაში, რადიკალიზაციაში, ამ რამდენიმე წელიწადში კიდევ ერთხელ სცადონ რევოლუციის მოწყობა, ჩვენი უკრაინიზაცია სცადონ. გამჭვირვალობა ყველაფრის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება“.

ირაკლი კობახიძის თქმით, დევი ჭანკოტაძეს წამოსცდა ის ყველაფერი, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ფიქრობდეს და მთავრობა მათი მხრიდან ყველანაირი პროვოკაციის მცდელობას უმკაცრესად შეეწინააღმდეგება.

„რაც შეეხება დევი ჭანკოტაძეს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახეა. მას უბრალოდ წამოსცდა ის ყველაფერი, რაზეც ეს პოლიტიკური ძალა შეიძლება ფიქრობდეს, ამიტომ უმკაცრესად ვაფრთხილებ ყველას, არავითარი პროვოკაცია არ გაბედონ. საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ადამიანებს ნუ იყენებენ. სახელმწიფო თავის ადგილზე დგას და 10%-ს ჩამოცდენილი „ნაცმოძრაობა“, თავისი კოლექტიური სატელიტებით, ვერავითარი მასშტაბური პროვოკაციის მომწყობი ვერ არის. სახელმწიფო ამას უმკაცრესად შეეწინააღმდეგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება