ზურაბ ჯაფარიძე - არავინ არაფრის დაზიანებას და გაფუჭებას არ ფიქრობს - ამათ დიდი დრო აღარ დარჩათ, საკუთარი ხელით ითხრიან პოლიტიკურ სამარეს

არავინ არაფრის დაზიანებას და გაფუჭებას არ ფიქრობს - ამათ დიდი დრო აღარ დარჩათ, საკუთარი ხელით ითხრიან პოლიტიკურ სამარეს, - ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

მისივე თქმით, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო:

  1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, საკუთარი, შვილების თუ შვილიშვილების თავისუფალი მომავალი.
  2. შეშინებული რუსეთის და ფულის მონები, რომლებიც საკუთარი პროპაგანდისტული არხებიდან ყვირიან, ნებისმიერი დაგვიჯდეს ამ კანონზე სალაპარაკოდო, და კაბინეტთან რომ აკითხავ, გვირაბებიდან იპარებიან.
  3. მორიგ ჯერზე დემონსტრირება რომ ევროპა ვართ ჩვენ, აქეთ ფლანგზე მყოფი ხალხი, სრულიად მშვიდობიანი, და თუ პოლიცია არ სჩადის ძალადობას და ჩვენ არ გვიწევს თავის დაცვა (როგორც მოხდა გუშინწინ ან შარშან მარტში), არავინ არაფრის დაზიანებას და გაფუჭებას არ ფიქრობს.
  4. „ქოცების“ პროპაგანდის სრული კრახი, რომ ჩვენ ვართ რადიკალები, რომლებსაც არეულობა და ძალადობის ორგანიზება გვწყურია (რას სინამდვილეში რუსეთის ბოლო იმედის გეგმაა აქ)

მადლობა ყველას ვინც გამოხვედით, იდექით, იარეთ, იყვირეთ, უსტვინეთ, იგინეთ, ილაპარაკეთ.

მადლობა რომ არსებობთ, აქ ხართ, არ გარბიხართ და იბრძვით.

მადლობა რომ გამარჯვების გჯერათ.

ცალკე მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ღამე კანცელარიის წინ, ქვებით მოფენილ მოედანზე იდგა და მიუხედავად პოლიციელების მხრიდან არაერთხელ გაგონილი გინებისა, ერთი კენჭი არ უსვრია მათი მიმართულებით. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ ამ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა. და კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა. ეს ნერვების ჭიდილია.

ორგანიზებულობაში გვჯობნიან (ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში), რაც არაა გასაკვირი (ჩვენ არც მაგდენი რესურსი გვაქვს და არც გასამხედროებული სისტემა)

თუ ცოტა ვართ, გვირტყამენ და გვხუთავენ, თუ ბევრნი ვართ, სოროებში იმალებიან კურდღლებივით.

მაგრამ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სრული განცდა, რომ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს.

რაც მთავარია რწმენა, რომ დიდი ომი ყველა შემთხვევაში მოგებული გვაქვს - ეს ქვეყანა არ გარუსდება არასდროს.

ამათ დიდი დრო აღარ დარჩათ, საკუთარი ხელით ითხრიან პოლიტიკურ სამარეს.

პ.ს. აქციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და წუხილი ვიცი, ღამის განმავლობაშიც ვისმენდი თქვენგან და აქაც ვკითხულობ. რაღაცები გამოსწორებადია, რაღაცების რესურსი ფიზიკურად არ არსებობს. მეც ძალიან მეჩქარება”,- წერს ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება