უცხოელმა შემსყიდველებმა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი ექსპორტიორი საწარმოები დაათვალიერეს

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ე.წ. ბაიერები ესტუმრნენ. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტის მხარდამჭერ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის მხარდაჭერითა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია OCO Global-ის ჩართულობით ახორციელებს.

„საქართველოში ვმასპინძლობთ შემსყიდველებს ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან. მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავად მოინახულებენ საწარმოებს და ნახავენ რა შესაძლებლობები აქვთ ქართულ კომპანიებს ექსპორტის მიმართულებით. პროგრამა პირველად ხორციელდება ამ ფორმატში და იმედი გვაქვს, ქართულ კომპანიებთან სხვადასხვა შეთანხმების მიღწევა მოხდება, სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი საბოლოო მიზანია, მეტი ექსპორტის წახალისება საქართველოდან,“ - განაცხადა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა.

„პროგრამის განხორციელების პროცესში, USAID-ის მხარდაჭერით ჩვენი საკონსულტაციო კომპანია მჭიდროდ პარტნიორობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“. ვეხმარებით 50 ქართულ კომპანიას, რომლებსაც საექსპორტო კავშირებისა და ბაზრების გაფართოვება სურთ. ჩვენ ხელს ვუწყობთ კომპანიებს გაიგონ რა შესაძლებლობები აქვთ უცხოურ ბაზრებზე, დაუკავშირდნენ შემსყიდველებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

თბილისში სამდღიანი ვიზიტით ვიმყოფებით საერთაშორისო შემსყიდველებთან ერთად, რომლებიც დაათვალიერებენ ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების საწარმოებს, შეხვდებიან და გაესაუბრებიან მათ წარმომადგენლებს. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებას ქართულ კომპანიებსა და საერთაშორისო შემსყიდველებს შორის, რაც თავის მხრივ დაეხმარება კომპანიებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენასა და ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში“, - განაცხადა OCO Global -ის მთავარმა კონსულტანტმა ელენა მოლინარიმ.

„ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა „ბაიერებმა“ 20-მდე ექსპორტიორი საწარმო მოინახულეს საფეიქრო ინდუსტრიის, შესაფუთი მასალებისა და სათამაშოების სექტორიდან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრებზე უცხოელმა შემსყიდველებმა კომპანიებისგან მიიღეს ინფორმაცია სამუშაო პროცესისა და საწარმოო სიმძლავრეების შესახებ.

ექსპორტის საბაზრო კავშირების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს ახალი უცხოური ბაზრების ათვისებაში. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში ხორციელდება და მასში 50 ქართული კომპანია მონაწილეობს. სხვადასხვა ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში შემუშავდა თითოეულ საწარმოზე მორგებული მარკეტინგული გეგმა, ვორკშოფები პროგრამის მონაწილეებისთვის და საერთაშორისო შემსყიდველებთან პირდაპირი კავშირების დამყარების სხვა შესაძლებლობები.

პროგრამის მონაწილე კომპანიებმა უკვე ისარგებლეს სხვადასხვა სერვისით, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერით (ბაზრის კვლევა, მომხმარებელთა და კონკურენტების ანალიზი, ბაზარზე შეღწევის სტრატეგია, საერთაშორისი შემსყიდველების იდენტიფიცირება), რაც ხელს უწყობს მათ სწორად პოზიციონირდნენ და გაზარდონ გაყიდვები საერთაშორისო ბაზრებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო