გიგი წერეთელი - ძალიან კრიტიკული და მძიმე ვითარება გვაქვს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით - „ქართული ოცნების“ არსი, მრწამსი და სურვილი, როგორ იმართოს ქვეყანა, შეუთავსებელია პრინციპებთან, რაც ევროპაშია

მე ვფიქრობ, რომ ძალიან კრიტიკული და მძიმე ვითარება გვაქვს გეოპოლიტიკური და საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით. ევროპარლამენტარების განცხადებები გასაგებია და ადეკვატურია , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიგი წერეთლის განცხადებით, ევროპარლამენტარები, ვინც დღეს „ქართულ ოცნებას“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აკრიტიკებენ, სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

„სხვათა შორის, ხალხი, ვინც დღეს ევროპარლამენტში გამოდის, ტრადიციულად საქართველოს მეგობართა წრეს წარმოადგენენ. ეს ის ხალხია, ვინც ალბათ, ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნების“ არსი, მრწამსი და სურვილი, როგორ იმართოს ქვეყანა, შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რაც არის ევროპაში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

როგორც გიგი წერეთელმა გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი მიიღებს, მაშინ სანქციები დაუწესდებათ არა მარტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ „ამას ყველაფერს ჩვენს ტყავზე გადავიტანთ“.

„ასეთი რამ მართლა არ გამიგია. მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ ეს არ გააკეთო, თუ გააკეთებ, მიიღებ ათას ცუდ რამეს - სანქციებს. პიროვნულ სანქციებზე არ არის ლაპარაკი, ამას ყველაფერს ჩვენს ტყავზე გადავიტანთ ყველა, მათ შორის ისინიც, ვისაც ჰგონია, რომ უკეთესად იცხოვრებს ამის შემდეგ. ასე ნამდვილად არ იქნება და ამიტომ 29 აპრილს, ვინც ჩამოდის აქ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არჩევნებმა უნდა მოიტანოს იმგვარი ცვლილება, რომელიც ამ რისკებისგან დაგვაზღვევს, რაც დღეს ხდება. ასეთი მატყუარა ხელისუფლება აღარ უნდა იყოს. ამ ხალხს არ უნდა ჰქონდეთ ბერკეტები და მართვის საშუალება, იმიტომ, რომ ასე იტყუებიან მუდმივად, როგორც ამ კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს