14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის მიმართ სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედის, ეგანა მაგარამოვასა და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის საქმეზე სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მაია შოშიაშვილი მას შემდეგ, რაც ბრალდებულების საბოლოო სიტყვას მოისმენს, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. დიდი ალბათობით, ის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოაცხადებს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს.

საქმის პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის განმარტებით, საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც ბრალდებულების მხრიდან 13 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს - ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას უტყუარად ადასტურებენ.

აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის ადვოკატები ბრალდების მხარისგან განსხვავებით გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ნატიკ მაგარამოვმა ადვოკატის მეშვეობით დას, ეგანა მაგარამოვას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ პოლიციაში მან არ დაარეკინა და დაემუქრა. საქმის პროკურორი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გარემოებები ურთიერთგამომრიცხავია.

ადვოკატის, ალი ბადროვის განცხადებით, ბრალდებულები უდანაშაულოები არიან და მათი მხრიდან არც ქორწინების იძულებას ჰქონია ადგილი და არც დანაშაულის შეუტყობინებლობას.

ცნობისთვის, მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.

რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს