პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო - ანრი ოხანაშვილმა რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს გაფრთხილება მისცა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის გადადების ინიციატივის გაჟღერება სურდათ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „პროცედურასთან დაკავშირებით კითხვა არ არის“ და შესაბამისად, კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაზე გადავიდნენ.

პასუხად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ოპოზიციას პროცედურულ საკითხზე საუბარი სურდა, რაზეც ოხანაშვილმა მიმართა: „ქალბატონო თინა, ჩემი თანხმობის გარეშე საუბრის გაგრძელების შემთხვევაში გამოგიცხადებთ გაფრთხილება. მუხლობრივად ვიწყებთ განხილვას, თუ რაიმე საკითხი გაქვთ, შინაარსობრივი განხილვის დროს დააყენეთ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავას იმის თქმა უნდოდა, რომ კონტრაქციის გამო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გადადებულიყო.

„თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რომ ყოველგვარი პროვოკაცია, ან ინციდენტი იყოს თავიდან არიდებული,“ - განაცხადა ვაშაძემ, რის შემდეგაც კომიტეტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გაუთიშა.

„ნებისმიერი საკითხი, რომელიც ცდება მუხლობრივად საკითხის განხილვას, ჩამორთმეული სიტყვა იქნება,“ - მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძეს არაერთხელ მიმართა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა.

„მიკროფონის გარეშე გააგრძელებთ და დარბაზს დატოვებთ“, - მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს. ამასთან, მან გაფრთხილება სხვა ოპოზიციონერ ლიდერებსაც მისცა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა