ნინო ჩხობაძე - საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად “დასმენის“ დაკანონებას ვცდილობთ

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად “დასმენის“ დაკანონებას ვცდილობთ - ვცდილობთ, წინა საუკუნის შეცდომები, 1937 წელი გავიმეოროთ! - ეს შეფასება ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მონიტორინგს შეეხება.

“ჩემდა სამწუხაროდ, ეს “სათანადო ინფორმაცია“ ძალიან პრობლემატური იქნება - ეს შეიძლება გახდეს პრობლემა არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, არამედ ფიზიკური პირებისთვის, ვინც ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციებში ექსპერტებად იქნებიან დაქირავებული. ვისურვებდი კანონპროექტში “დასმენის“ მუხლი არ ყოფილიყო, რადგან საქართველოს ისტორიის გათვალისწინებით, ამ დასმენით ბევრი ცუდი რამ გაგვიგია. ეს ჩემს ოჯახსაც შეეხება - თუ ამ მუხლს არ ამოვიღებთ, ეს განმეორდება საქართველოში“, - განაცხადა ჩხობაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა