ლევან იოსელიანი - ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა - ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება

ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა - ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება - კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ უნდა დაუშვას ძალადობა, ხოლო მოძალადეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.

„მინდა გამოვთქვა აზრი და ეს, პირველ რიგში, ეხება ჩვენს ახალგაზრდებს, პროტესტის მონაწილეებს, იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე, ეს ამ თაობის მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან. მე ვიცი ვინ დგას იქ, ისინი ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, ჩვენი მეგობრების შვილები, მეზობლები, ნათესავები არიან. კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! მაქვს განცდა, რომ ამ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მათი მშობლების თაობაა (თუნდაც, ისინი განსხვავებულად უყურებდნენ ბევრ რამეს) და ის მომავალიც, რომელიც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული. ჩვენ ვერ ვიქნებით მათ გარეშე და ისინი უჩვენოდ, რადგან ეს ერთი დიდი ოჯახია.

ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა; ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება. ამ ჯოჯოხეთს ძლივს დავაღწიეთ თავი და იქ არასდროს უნდა დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ უნდა დაუშვას ძალადობა, ხოლო მოძალადეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ძალადობა დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მხრიდანაც, ყველას უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე დგას და ამ ინსტიტუციებს პატივისცემა სჭირდება, პოლიციელების შეურაცხყოფა, გინება თუ ფურთხება კატეგორიულად მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს.

და ბოლოს, ისევ ჩვენს ახალგაზრდებს დავუბრუნდები, ჩვენი ევროპული მომავლის ფლაგმანს და ვიტყვი, რომ არ შევწყვიტოთ შრომა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ორ სიტყვაში „ადამიანის უფლებები", მთავარი სიტყვა ადამიანია”,- წერს ლევან იოსელიანი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება