სახალხო დამცველი - მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეების მისამართით განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, რომელიც შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ გზავნილებს შეიცავს, განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე, გაატარონ ყველა ეფექტიანი ღონისძიება მუქარის ავტორების დადგენისა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე მიმართავს მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით, ან სხვა ტიპის მუქარების მიღების შემთხვევაში, მიმართონ საგამოძიებო უწყებებს.

"7 მაისიდან ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, რომ სხვადასხვა მოქალაქეს, მათ ოჯახის წევრებს, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებს, ტელეფონით უკავშირდებიან უცნობი პირები და აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ მოქალაქეთა განცხადებით მათ კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით. გარდა შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის მატარებელი გზავნილებისა, რიგ შემთხვევებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ეს საუბარი მუქარის შემცველია.

სახალხო დამცველს არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ან/და ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე ჯგუფისთვის. ამასთან, პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს და აღნიშნული დემოკრატიული პროცესების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელია მოქალაქეების მიერ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები და სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირება, ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთეა და აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. ამდენად, დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს და გამოიწვევს თვითცენზურას საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ხოლო იმათ, ვინც ამისგან თავს არ შეიკავებენ, ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათ გამოხატვას შესაძლოა სხვადასხვა ფორმით ანგარიშსწორება მოჰყვეს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დაუშვებელია მსგავსი პრაქტიკის დაშვება და ხელშეწყობა, ეს დამაზიანებელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის, მსგავს ფაქტებს შესაძლოა დამაშინებელი ეფექტი ჰქონდეს სხვა მოქალაქეებზეც საკუთარი მოსაზრებების შეუფერხებლად გამოხატვის თვალსაზრისით.

როგორც 8 მაისს გახდა ცნობილი, ზარების განხორციელების ნაწილში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, რომლის მხრიდან დროული შეფასებები უმნიშვნელოვანესი იქნება.

გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე, გაატარონ ყველა ეფექტიანი ღონისძიება მუქარის ავტორების დადგენისა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე მიმართავს მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით, ან სხვა ტიპის მუქარების მიღების შემთხვევაში, მიმართონ საგამოძიებო უწყებებს", - წერია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო