თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები - შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას

იმ ფონზე, როცა ადამიანებს უკანონოდ იჭერენ, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი, შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას, - ამის შესახებ თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტთა განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ სტუდენტები მუდამ იქნებიან ევროპული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე.

„ჩვენ, თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებთ, შესაბამისად, გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენს მეგობრებს და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ისე, როგორც არასდროს, საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა, რომელიც ჩვენთვის კეთილდღეობას, მშვიდობას და რაც მთავარია, ხარისხიან განათლებას ნიშნავს.

ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ჩვენსა და ჩვენს თანატოლებზე ძალადობა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. გარდა ამისა, გრძელდება სამოქალაქო აქტივისტების ტოტალური და უკანონო დაკავებები.

ასევე ვეხმიანებით, თსუ-ს ასოცირებული პროფესორის, ნათია კუპრაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და დაშინების მცდელობებს და სოლიდარობას ვუცხადებთ მას!

იმ ფონზე, როცა ადამიანებს უკანონოდ იჭერენ, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი, შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას.

მადლობა ყველა სტუდენტსა და ლექტორს უკვე გამოცხადებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოზიცია ურყევია, სტუდენტები მუდამ ვიქნებით ევროპული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება