ადვოკატის ინფორმაციით, პარლამენტთან, აქციაზე დაკავებული გურამ ადამია საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებს

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, 40 წლამდე გურამ ადამიას, რომელიც პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ტყეშელაძე აღნიშნავს, მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და მას სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

ადვოკატის თქმითვე, გურამ ადამიაზე სამართალდამცავებმა ძალადობა დაკავების მომენტიდან დაიწყეს.

„მრავლობითი დაზიანება აქვს, თვალის მიდამოებში დიდი ჭრილობა აღენიშნება, ასევე დაზიანებები აქვს კისრის მიდამოშიც. მას სპეცრაზმის თანამშრომლები ურტყამდნენ, წაქცეულზე სხვადასხვა პოლიციელებმა ფეხზე გადაუარეს. ეს ადამიანი უკანონოდ დააკავეს, ახლა იზოლატორშია, ცუდადაა, ექიმს ვითხოვთ. იზოლატორმა სასწრაფო უნდა გამოიძახოს და საავადმყოფოში გადაიყვანონ, ამ მომენტისთვის, აღნიშნული არ ხდება, უკან უნდა შევიდე და დაშავებულის კლინიკაში გადაყვანა მოვითხოვო. ადამიანი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ითხოვს კვლევებზე გადაიყვანონ, თავის ტვინი აქვს გადასაღები, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, ამბობს, რომ პირის ღრუ სისხლით ჰქონდა სულ ამოვსებული, ცხვირიდანაც ბევრი სისხლი სდიოდა, ის აუცილებლად საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას“, - აცხადებს ტყეშელაძე.

დაკავებულების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს დაკავებულების კიდევ ერთი ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.

„დიღმის იზოლატორთან, მანქანებით ჰყავთ მოყვანილი და ახლა შეასახლებენ. საუბარია, 14 პირზე, რამდენიმე მათგანი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია, დაზიანებები თითქმის ყველა მათგანს, ძირითადად, სახეზე და ტანზე აქვთ მიყენებული“, - აცხადებს ქობესაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტთან „უცხოური გავლენის“ გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცავებმა დღეს, გამთენიისას რამდენიმე პირი დააკავეს. მათგან ნაწილი დიღმის, ნაწილი კი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულებს ამ წუთებში უფლებადამცველები ხვდებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება