ხატია დეკანოიძე - თან იჭერდე, სცემდე, თავებს უხეთქავდე ადამიანებს და თან დიალოგისთვის იწვევდე, სერიოზული ნონსენსი და ფსკერია - ეს კანონი განხილვასა და დებატს არ ექვემდებარება

რუსეთმა ამ კანონის მოდიფიკაციას და დამძიმებას რამდენიმე წელი მოანდომა, ხოლო „ქართული ოცნება“ დღითიდღე ამძიმებს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მიმდინარე პროცესი სრულიად უკანონოა და ის კონსტიტუციას არღვევს.

„პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ველაპარაკე. გვინდოდა გვენახა ვერსია, რომელიც მეორე მოსმენის შემდეგ საპარლამენტო გვერდზე იყო ატვირთული და დაგვირიგეს, იყო თუ არა იგივე ვერსია, რაც პრეზიდენტს გადაეცა. შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მონიტორინგის მუხლში ჩამატებულია ის ძალიან მძიმე სიტყვათშეთანხმებები, რომლებიც ფიზიკურ პირებს ეხება.

არ ვიცი, მესამე მოსმენაზე რა შეიტანეს და რა არ შეიტანეს. 67 წამში დასრულდა მოსმენა, ოპოზიცია არ ვესწრებოდით, რა შეიცვალა და რა არა, ვერ გეტყვით.

სისხლის სამართლის დანაშაული არაერთი ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ”. თქვენ რა გგონიათ, გაუჭირდებოდათ, რომ გუშინ ღამით აეტვირთათ ჩასწორებები და რაღაც შეეცვალათ? საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება თუ არა ამ კანონის გამოძიება, ამას მეკითხებიან. ეს ქვეყანა ისეთია, გარდაცვლილი მამის ნომერზე რეკავენ და იგინებიან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ყველა სტრუქტურა “ქართული ოცნების” დაქვემდებარებაშია.

ახალ ჩანაწერში წერია, რომ ფიზიკური პირი უნდა დააჯარიმონ იმისთვის, თუ ის ინფორმაციას არ მისცემს უწყებებს. ჩვენ მთლიანად უკანონო პროცესთან გვაქვს საქმე, რომელიც კონსტიტუციას სრულად ეწინააღმდეგება”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გარდა ამისა, მან ირაკლი კობახიძის შემოთავაზებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, სადაც, პრემიერ-მინისტრმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებს შესთავაზა, რომ 10 ახალგაზრდა წარმომადგენელი შეარჩიონ, რომელთანაც ირაკლი კობახიძე კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიას გამართავს.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ის კანონთან დაკავშირებით ნებისმიერ მოლაპარაკებას გამორიცხავს და ის, რომ ახალგაზრდებს ერთ დღეს აკავებენ და სცემენ, ხოლო მეორე დღეს დიალოგისთვის იწვევენ „სერიოზული ნონსენსი და ფსკერია”.

„თან იჭერდე, სცემდე, თავებს უხეთქავდე ადამიანებს და თან დიალოგისთვის იწვევდე, სერიოზული ნონსენსი და ფსკერია. ეს კანონი განხილვასა და დებატს არ ექვემდებარება. თუ განხილვა უნდოდათ, ოპოზიცია მათ მოსმენებზე კითხვებს ვუსვამდით, მაგრამ სხდომებზე გვაფურთხებდნენ და გამოგვყარეს. თუ გვინდა ევროინტეგრაციის რაიმე შანსი დავიტოვოთ, პარლამენტმა ვეტო ვერ უნდა დაძლიოს და ეს კანონი უნდა გაიწვიონ. რუსეთმა ამ კანონის მოდიფიკაციას და დამძიმებას რამდენიმე წელი მოანდომა, ხოლო “ქართული ოცნება” დღითიდღე ამძიმებს.

მე, როგორც ერთი ადამიანი, კატეგორიულად გამოვრიცხავ კანონთან დაკავშირებით ნებისმიერ მოლაპარაკებას. ვინც მოლაპარაკებებს დათანხმდება, ის დაარღვევს სულისკვეთებას, რომელიც პარლამენტის წინ არის. რომელი მუხლი უნდა გამოსწორდეს? ხელისუფლება, რომელიც ამტკიცებს, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელ მოლაპარაკებებზე უნდა გავყვეთ? ეს არის სატყუარა და პროპაგანდა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება