თინა ბოკუჩავა - ვენეციის კომისიის დასკვნა  ამბობს, რომ რუსული კანონის შინაარსიც და მისი მიღების ფორმაც არის ანტიდემოკრატიული და შესაბამისად ანტიევროპული - ის პირდაპირ პარალელს ავლებს კრემლის კანონთან

ისეთივე კომიკურია ვენეციის კომისიის მიკერძოებულობაში და არაკომპეტენციაში დადანაშაულება, როგორც ქალბატონ მარიამ ლაშხის განცხადება „ფრიმასონების“ გავლენების შესახებ იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუციებზე მორგი თავდასხმა ხდება. ბოკუჩავას შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მტრებად შერაცხონ.

„ალბათ, კონსპირაციის თეორიებით შეპყრობილი მარიამ ლაშხი ან ივანიშვილის სხვა დეპუტატი ვენეციის კომისიას გლობალური ომის პარტიად გამოაცხადებს, რომელიც არის უმაღლესი ორგანო ევროსაბჭოსი სამართლებრივ და საკონსტიტუციო საკითხებში, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამართლებრივ აქტებზე ასეულობით დასკვნა აქვს გაკეთებული. ეს არის მორგი თავდასხმა უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუციებზე და საქართველოს საერთაშორისო მეგობრების მტრებად შერაცხვის მცდელობა, რაც ითვალისწინებს იმ პოლიტიკას, რომელიც ივანიშვილმა პრინციპში რუსთველის გამზირზე დააანონსა - საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის და რუსეთთან პირისპირ დატოვების მცდელობის.

ისეთივე კომიკურია ვენეციის კომისიის მიკერძოებულობაში და არაკომპეტენციაში დადანაშაულება, როგორც ქალბატონ მარიამ ლაშხის განცხადება „ფრიმასონების“ გავლენების შესახებ იყო. ვისურვებდი, რომ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს აბსურდული განცხადებებით არ შეეჯიბრონ, არამედ გაიაზრონ, რომ ივანიშვილის ანტიევროპული, ანტიეროვნული და ღიად პრორუსული მოქმედებები არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული და ევროპული ინტერესების ღალატი. ახლა მაინც, როდესაც არის შანსი, რომ პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას მხარი არ დაუჭირონ, მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების წინაშე გაიაზრონ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ამბობს, რომ რუსული კანონის შინაარსიც და მისი მიღების ფორმაც არის ანტიდემოკრატიული და შესაბამისად ანტიევროპული, „ის პირდაპირ პარალელს ავლებს კრემლის კანონთან და ამბობს, რომ ამერიკულ კანონთან არაფერი აქვს საერთო აღნიშნულ კანონს, არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონს არც ნებისმიერი სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობასთან“.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია წუხილს გამთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა.

ვენეციის კომისია 2023 წლის პრაქტიკას აღნიშნავს და აცხადებს, რომ არსებობდა შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი საჭიროება.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო