მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გოგა ხაინდრავას დაჯარიმებას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას დაჯარიმებას ითხოვენ.

შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ადვოკატებმა შოთა თუთბერიძემ და ბექა ბასილაიამ დააყენეს.

როგორც შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, გასულ სხდომაზე, როცა გოგა ხაინდრავა საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა, მან ადვოკატებს გარდა იმისა, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, დედაც შეაგინა.

ადვოკატების თქმით, ვინაიდან სხდომაზე ხმაური იყო, მათ დედის მისამართით გინება ვერ გაიგეს და ეს შემდეგ, სასამართლოს სხდომის ოქმიდან გაიგეს.

„ორჯერ მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მე და ბექა ბასილაიას, ერთხელ „ფარჩაკები“ გვიწოდა და მეორეჯერ დედის მისამართით შეგვაგინა.... გადავამოწმეთ ჩანაწერი, სადაც ის გარდა იმისა რომ იმუქრება, იგინება დედის მისამართით.

შუამდგომლობა ორი მოთხოვნითაა, სასამართლომ დააჯარიმოს მოქალაქე გიორგი ხაინდრავა სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის“,- განაცხადა თუთბერიძემ.

მან პროკურორებს მოუწოდა, შესაბამისი ზომები მიიღონ, რომ ხაინდრავას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ბექა ბასილაიას თქმით, მსგავსი პრეცედენტი, როცა პროკურორის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვა გამოიყენა ჯელალ ქიქავამ, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა.

„მსგავს ფაქტზე არსებობს პრეცედენტი, ვნახოთ რა შედეგი დადგება სახელისუფლებო პროპაგანდისტს ხაინდრავაზე, ილუზია არ მაქვს, რომ მას პროკურატურა ბრალს წაუყენებს, მაგრამ ეს იქნება ტესტი, ვნახოთ, რა რეაგირება მოჰყვება“,- განაცხადა ბასილაიამ.

გოგა ხაინდრავა 7 ნოემბრის საქმეზე გასულ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება