უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთში, დატბორილია სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა - სტიქიამ დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება

უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.

მცხეთის მერიის ინფორმაციით კი, წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ცხვარიჭამიის, ლისის, ძეგვის, ნიჩბისის, ძალისის წეროვნის და ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში.

"სტიქიის ზონებში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შორის წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ადგილზე ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მათ მოსახლეობასთან შექმნილი საჭიროებების შესახებ აქტიური კომუნიკაცია აქვთ", - აღნიშნულია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. პარალელურად, შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება