საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა არაგვის ხეობაში ჯომარდობა გამართეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2024“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, „ჯომარდობა-2024“-ში მონაწილეობა 13 ფაკულტეტის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს. სპორტული ღონისძიება სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

როგორც ჯომარდობის მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ანა არჩვაძე აღნიშნავს, საუნივერსიტეტო სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა ნებისმიერი სტუდენტისთვის წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე იყო შესაძლებელი.

მისი თქმით, ჯომარდობა-2024-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის 110 სტუდენტი იყო ჩართული.

„წლევანდელი ჯომარდობისთვის ბანაკი დაბა ფასანაურში გავმართეთ. ტურნირის მარშრუტიც, რომელიც საშუალო სირთულის იყო, ფასანაურიდან დაიწყო. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა, რომლებიც აქტიური ცხოვრების, ექსტრემისა და თავგადასავლების მოყვარულები არიან. 13-მა საფაკულტეტო გუნდმა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, მდინარე არაგვის ულამაზეს ხეობაში ვიჯომარდეთ. უნდა აღვნიშნო, რომ მონაწილეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული - თითოეული ჩვენგანი აღჭურვილი იყო სამაშველო ჟილეტითა და ჩაფხუტით, ჯომარდობა კი პროფესიონალი ინსტრუქტორების ზედამხედველობით მიმდინარეობდა. ვფიქრობთ, სპორტულმა აქტივობამ შესანიშნავად ჩაიარა - არაგვის ხეობის ულამაზეს ბუნებას ვეზიარეთ, დაუვიწყარი ემოციებითა და თავგადასავლებით დავიმუხტეთ, ამასთან ერთად, სტუდენტებმა ახალი გამოცდილებაც მივიღეთ, ერთმანეთიც უკეთ გავიცანით და ახალი მეგობრებიც შევიძინეთ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტურ თვითმმართველობას და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციას“, - ამბობს ანა არჩვაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჯომარდობის მოყვარული სტუდენტებისთვის სპორტულ აქტივობებს ყოველწლიურად მართავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება