უკრაინამ და ბელგიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ ბრიუსელში ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე აღნიშნული, რომ ბელგია წელს უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის მინიმუმ 977 მილიონ ევროს გამოყოფს. კერძოდ, ასეთი ვალდებულება, ისევე როგორც ბელგიის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას შეთანხმების ათწლიანი ვადის განმავლობაში, აღნიშნულ დოკუმენტშია ასახული.

„პირველად, უსაფრთხოების ასეთი შეთანხმება განსაზღვრავს სამხედრო თვითმფრინავების კონკრეტულ რაოდენობას, რომელიც გადაეცემა უკრაინას - 30 ერთეული F-16 2028 წლამდე. უფრო მეტიც, პირველი მოიერიშე თვითმფრინავები წელს უნდა გადაეცეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბელგია ასევე იძლევა გარანტიას, რომ უზრუნველყოფს დროულ დახმარებას უსაფრთხოების სფეროში, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებას, უკრაინის საჭიროებების გათვალისწინებით.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია თავდაცვის ინდუსტრიაში ორმხრივ თანამშრომლობაზე, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერაზე, სანქციების გაძლიერებაზე, დანაკარგების კომპენსაციაზე, აგრესორის პასუხისგებაში მიცემაზე, კონფისკირებული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაზე.

გარდა ამისა, გაღრმავდება თანამშრომლობა დაზვერვის, კიბერუსაფრთხოების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში.

გარდა ამისა, შეთანხმებაში ბელგია ნათლად ადასტურებს უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში მომავალი გაწევრიანების მხარდაჭერას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტავენ, რომ ბელგია არის მე-11 ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმება გააფორმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება